სოზარ სუბარი - გირგვლიანის საქმეში მონაწილეობდა არა მარტო ყოფილი პრეზიდენტი, არამედ პარლამენტი და მთელი მთავრობა

სოზარ სუბარი - გირგვლიანის საქმეში მონაწილეობდა არა მარტო ყოფილი პრეზიდენტი, არამედ პარლამენტი და მთელი მთავრობა

შეუძლებელია, რომ გირგვლიანის საქმე მიხეილ სააკაშვილამდე არ მისულიყო, - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა. მისი თქმით, გირგვლიანის საქმეში მონაწილეობდა არა მარტო ყოფილი პრეზიდენტი, არამედ პარლამენტი და მთელი მთავრობა. 

"წლების განმავლობაში რაზეც ვლაპარაკობდით, ეს იყო არა ცალკეული გადაცდომები კონკრეტული ადამიანების მხრიდან, ადამიანის უფლებების დარღვევის, არამედ სისტემური დანაშაული. ამის ნათელი გამოვლინებაა გირგვლიანის საქმე და ევროსასამართლოს დასკვნა. პროკურატურა ამოდის ფაქტებიდან. ადამიანის ევროპულმა სასამართლომ გვითხრა, რომ გამოიძიეთ ეს საქმე და როდესაც ამ საქმეს იძიებ, შეუძლებელია არ მიხვიდე პრეზიდენტამდე. ამ საქმეში მონაწილეობდა არა მარტო მიხეილ სააკაშვილი, არამედ მთელი პარლამენტი და მთავრობა. ერთი სასამართლო სხდომიდან მეორე სასამართლო სხდომამდე იცვლებოდა კანონები და უმსუბუქდებოდათ ბრალდებულებს ბრალი. როდესაც ერთ დღეს განსასჯელთა ერთ საკანში ჯდომა იყო უკანონო, მეორე დღეს ეს ხდებოდა კანონიერი. მთელი სახელმწიფო მანქანა მოქმედებდა. პარლამენტიც კი ჩართული იყო ამ უკანონობაში", - აღნიშნა სუბარმა. 

მისივე თქმით, პრეზიდენტის მხრიდან გირგვლიანის საქმეში მსჯავრდებულების შეწყალებაში იყო ანგარების ნიშნები, რაც გამოიხატება მათ შორის ვანო მერაბიშვილისა და მისი მეუღლის ხელის დაფარებაში. "პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა შეწყალება თუ ის საქმეში არ დებს პირად ან ანგარებით ინტერესებს. ეს ანგარებით ინტერესები შეიძლება იყოს, რომ ფული აიღო ვინმეს გაშვებაში ან ანგარებითი ინტერესი იყოს, რომ გაჩუმდეს, არ მისცეს ჩვენება სხვა ადამიანების წინააღმდეგ და გაუშვებს. როდესაც პრეზიდენტი გადაწყვეტილებას იღებს თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, რომ ხელი დააფაროს შს მინისტრს, კუდ-ის თავმჯდომარეს, მინისტრის მეუღლეს ან სხვას, ეს დანაშაულია", - აღნიშნა სუბარმა.