თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ადვოკატებს პროკურატურაში საიდუმლო გრიფმოხსნილი მასალები გადაეცათ. ადვოკატებმა პროკურატურა რამდენიმე საათის შემდეგ დატოვეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დაკავებულების ერთ-ერთმა დამცველმა, ლევან სამუშიამ განუცხადა, საქმის მასალების სრულად გაცნობის შემდეგ ადვოკატები განცხადებას გააკეთებენ.
კიდევ ერთი ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის თქმით, პროკურატურამ საქმის მასალების დანარჩენი ნაწილის დაცვის მხარისთვის გადაცემაზე კვლავ უარი თქვა, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ეწინააღმდეგება.
რაც შეეხება "ინტერპრესნიუსის" შეკითხვას, რამდენად მოასწრებენ ადვოკატები ბრალდებულების წინასასამართლო სხდომამდე მასალების გაცნობას, სოსო ბარათაშვილმა აღნიშნა, რომ მასალების დამუშავებისა და შესწავლისთვის დაცვის მხარეს დრო საკმარისად აქვს. თუმცა, მისი თქმით, წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს არის ჩანიშნული და საკითხავია, რამდენად მოასწრებენ ადვოკატები ექსპერტიზების ჩატარებას და მტკიცებულებების მოგროვებას, რათა განახორციელონ სრულყოფილი დაცვა.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმის მასალების იმ ნაწილს, რომელსაც გრიფი ჯერ კიდევ ადევს, სოსო ბარათაშვილის თქმით, ადვოკატებს გადაეცათ ჩამონათვალი იმ მასალების, რომელსაც გრიფი ადევს, ასევე იმ მასალების, რომელსაც არ ადევს. როგორც ადვოკატი აცხადებს, შესწავლის შემდეგ ექნება საშუალება შეაფასოს, საჭიროებდა თუ არა მასალების ნაწილი გრიფის არმოხსნას.
პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების საქმის ნაწილს გრიფი დღეს მოხსნა. პროკურატურის განცხადებით, გრიფი საქმის მასალების მხოლოდ 7 პროცენტს არ მოეხსნა. ამასთან, საგამოძიებო უწყებამ განაცხადა, რომ ადვოკატებს გრიფდადებული მასალების პროკურატურაში გაცნობის საშუალება მიეცემათ.