ე.წ. შეთანხმება აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის მიზანმიმართული ქმედებაა

ე.წ. შეთანხმება აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის მიზანმიმართული ქმედებაა

რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. შეთანხმება აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის მიზანმიმართული, დაგეგმილი ქმედებაა, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

პეტრიაშვილი რუსეთის მთავრობის იმ დადგენილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რუსეთის პრეზიდენტს ეთხოვა, ხელი მოაწეროს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას.

"ბევრს არ იფიქრებს რუსეთის პრეზიდენტი. ეს არის მიზანმიმართული, დაგეგმილი ქმედება საქართველოს ტერიტორიის, აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო თანამეგობრობას მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მოახმაროს, რაც გულისხმობს კონკრეტულად საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირების უშუალო კონტაქტებს მსოფლიო ლიდერებთან. მათ უნდა განახორციელონ პერსონალური კომუნიკაცია, როგორც ეს იყო ნატო-ს უელსის სამიტამდე, რაც იყო ძალიან ეფექტური. ვინაიდან დღეს ვითარება იმგვარია, რომ ხვალ მოხდება აფხაზეთთან ე.წ. შეთანხმების გაფორმება, მოყვება ამას ცხინვალის რეგიონი და ფაქტობრივი ანექსიის წინაშე ვდგებით რეალურად", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

რუსეთის მთავრობამ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე დაამტკიცა დადგენილება, ეთხოვოს რუსეთის პრეზიდენტს, ხელი მოაწეროს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას.

"რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ" ფედერალური კანონის თანახმად, რუსეთის მთავრობა ადგენს: დაკმაყოფილდეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომელიც შეთანხმებულია აღმასრულებელი ხელისუფლების დაინტერესებული ფედერალური ორგანოების მიერ და აფხაზეთის მიერ წინასწარ შემუშავებული პროექტი რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. წარედგინოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს წინადადება აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით", - ნათქვამია დადგენილებაში, რომელსაც მთავრობის მეთაური დიმიტრი მედვედევი აწერს ხელს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეთანხმება იდება ათი წლის ვადით მისი ხუთწლიანი პერიოდებით გახანგრძლივების შესაძლებლობით.