ირაკლი ალასანია - შეიძლება, ვიღაცას რაღაც დონეზე ჰქონდეს შეცდომა დაშვებული, მაგრამ ამას არ სჭირდება ამხელა აჟიოტაჟი

ირაკლი ალასანია - შეიძლება, ვიღაცას რაღაც დონეზე ჰქონდეს შეცდომა დაშვებული, მაგრამ ამას არ სჭირდება ამხელა აჟიოტაჟი

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, მისთვის უცნობია, გენერალურმა აუდიტორმა ნდობის ჯგუფს რა ახალი მასალები წარუდგინა. 

ამასთან, ალასანია არ გამორიცხავს თავდაცვის სამინისტროში რაიმე გადაცდომას, თუმცა აცხადებს, რომ ქმედებებს, რასაც პროკურატურა მათი მისამართით ახორციელებს, პოლიტიკური სარჩული აქვს.
"უკვე ძალიან ნათლად შევაფასე, რომ ქმედებებს, რასაც აკეთებს პროკურატურა ჩვენი მისამართით, აქვს პოლიტიკური სარჩული. ერთ საქმეს, ორს, ათ საქმეს შეკერავენ, ეს მათი საქმეა. მე დარწმუნებული ვარ ჩვენს სიმართლეში და იმაში, რომ როდესაც საქმე გამოვა სააშკარაოზე, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. არავინ უნდა გამორიცხოს რაიმე გადაცდომა. ეს დიდი ორგანიზაციაა. შეიძლება, ვიღაცას რაღაც დონეზე ჰქონდეს შეცდომა დაშვებული, მაგრამ ამას არ სჭირდება ამხელა აჟიოტაჟი. ასეთი რამ ხდება ყველა ორგანიზაციაში და ამის პრევენცია სწორედ აუდიტის სამსახურის საქმეა", - განაცხადა ალასანიამ. 

საქართველოს პარლამენტში გუშინ ნდობის ჯგუფის სხდომა გაიმართა, სადაც გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის შესახებ ახალი მასალები წარადგინა. 

რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა განცხადებები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაკეთა. ირაკლი ალასანია დღეს კანადაში გაემგზავრა.  კანადის შემდეგ, იგი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.  თავდაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ვიზიტის დროს ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით აპირებს შეხვედრებს.