ქუთაისის შემოვლითი გზა გაიხსნა

ქუთაისის შემოვლითი გზა გაიხსნა

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კმ-იანი მონაკვეთი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. მოწვეულ სტუმრებსა და ცერემონიაზე შეკრებილ აუდიტორიას ახალი მონაკვეთის გახსნა მიულოცეს: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვაჟა ფანჩულიძემ, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ხელმძღვანელმა, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მშენებელი კომპანიების „ტოდინისა“ და „ტაკენაკას“ წარმომადგენლებმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა და ქუთაისის მერმა.

ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, მაღალი ხარისხის ბეტონის გზა ავტომრბოლელებმა და ბაიკერებმა, ექსტრემალური და ორიგინალური შოუთი გამოცადეს. გზაზე ხელოვნური კედელი მოეწყო, რომელიც ავტომობილებმა დაანგრიეს. კედლის ნგრევის ცერემონია სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და მთავარი გზავნილია: „ეს არის გზა ევროპისაკენ“.

ავტომრბოლელებმა „დრიფტის“ ელემენტებით სპეციალური წარმოდგენა გამართეს. ექსტრემალური სპორტის ფედერაციამ კი, პარკურის ელემენტებით მოტოდრაგში შეჯიბრი და „მოტოსტანტ“ შოუ მოაწყო.

ქუთაისის 32 კმ-იანი შემოვლითი გზა, E-60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს გზა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანს, ახალ შესაძლებლობებს აძლევს. 32 კმ-იანი მონაკვეთი ქუთაისს სატრანზიტო ნაკადისაგან განტვირთავს, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობას 30 წუთითა და 6 კმ-ით შეამცირებს. ახალი გზა ნახშირღელის მიმდებარე ტერიტორიიდან კოპიტნარის აეროპორტის გასწვრივ არსებულ მაგისტრალს შეუერთდება. 32 კმ-იანი საგზაო მონაკვეთი ურთულესი კონსტრუქციებითაა დატვირთული, აშენდა 5 სატრანსპორტო კვანძი, 6 საავტომობილო ხიდი და ამდენივე გზაგამტარი.

ქუთაისის შემოვლითი გზის პროექტი 3 ლოტად ხორციელდება. ამჟამად, უკვე დასრულებულია პირველი ლოტის (ქუთაისის შემოვლითი - 17,5 კმ) და მეორე ლოტის - ქუთაისის შემოვლითი-სამტრედია 24 კმ-დან 14,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო, საქართველოს მთავრობასთან ერთად, აფინანსებს. შესრულებული სამუშაოების ღირებულება 181 მლნ ლარს შეადგენს.

მაღალი ხარისხის ახალი გზა (რომლის ექსპლუატაციის ვადა 30-40 წლით განისაზღვრება), გადაადგილებას მძღოლებისა და მგზავრთათვის სწრაფს, კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის. აღნიშნულ გზაზე დღეში, საშუალოდ 7000-10000-მდე ავტომობილი გაივლის, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მაგისტრალს ყოველდღიურად 15000-დან - 20000-მდე ავტომობილის გატარების პოტენციალი გააჩნია. სამუშაოებზე 1000 ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ახლომდებარე სოფლებისა და ქალაქების მაცხოვრებელია. გზის მშენებლობა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის საგზაო ქსელის მოდერნიზებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მუშაობას აგრძელებს. ამ ტიპის აქტივობის შედეგად, ორ წელიწადში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ახალი 55 კილომეტრის აშენება გახდა შესაძლებელი, მაშინ როდესაც 2012 წლამდე, 7 წლის განმავლობაში ჩქაროსნულ მაგისტრალზე, მხოლოდ 70 კმ ახალი გზის გახსნა მოხერხდა.