ლევან ჩაჩუამ დასკვნა ისე დაწერა, რომ ექსპერტიზა არ ჩაუტარებია

ლევან ჩაჩუამ დასკვნა ისე დაწერა, რომ ექსპერტიზა არ ჩაუტარებია

ექსპერტმა ლევან ჩაჩუამ დასკვნა ისე დაწერა, რომ ექსპერტიზა არ ჩაუტარებია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ექსპერტის, ლევან ჩაჩუას გირაოთი გათავისუფლებაზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც გოგლა ჟვანია აცხადებს, მისთვის ლევან ჩაჩუას გირაოთი გათავისუფლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს.

"ლევან ჩაჩუას საქმე გამოყოფილი საქმეა. მას პატიმრობა შეეცვალა გირაოთი. პატიმრობა ჩემთვის მეორეხარისხოვანი საკითხია. ჩემთვის მთავარია მოხდეს ზურას საქმის გამოძიება და დასრულება. რაც შეეხება ჩაჩუას, ეს საქმე იყო გამოყოფილი ძირითადი საქმიდან და მის გათავისუფლებას ჩემთვის პირადად, განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს საკმაოდ ნორმალურად და ოჯახს შედეგის მოლოდინი საკმაოდ მოკლე პერიოდში აქვს.

შეკითხვაზე, ეთანხმება თუ არა ზურაბ ჟვანიას მეუღლის, ნინო ქადაგიძის შეფასებას, რომ ჩატარებული ექსპერტიზა სამარცხვინო იყო, გოგლა ჟვანიამ განაცხადა, რომ "ექსპერტიზა სხვადასხვა ნაწილისგან შედგება, ხოლო იმ ნაწილში რაც ჩაჩუამ გააკეთა, მან დასკვნა ისე დაწერა, რომ ექსპერტიზა არ ჩაუტარებია".

ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ექსპერტი ლევან ჩაჩუა 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ, გუშინ 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მას ბრალად, სამსახურებრივი გულგრილობა ედება. კერძოდ კი, ბრალდების მხარის მტკიცებით, ზურაბ ჟვანიას ცხედარზე დაზიანებები ლევან ჩაჩუამ ექსპერტიზის დასკვნაში სრულად არ ასახა.