გივი თარგამაძის ნდობის ჯგუფში ყოფნის პირობებში,

გივი თარგამაძის ნდობის ჯგუფში ყოფნის პირობებში, "თავისუფალი დემოკრატებისთვის" უარის განმარტება საინტერესო იქნება

"თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტში ნდობის ჯგუფის მუშაობაში და მათ მიერ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსნის საკითხის განხილვაში მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსი პეტრიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არ არის რეგლამენტის სპეციალისტი, თუმცა როგორც კოლეგებისგან აქვს ინფორმაცია, ნდობის ჯგუფში "თავისუფალ დემოკრატებს" ეკუთვნით ადგილი.

"მას შემდეგ, რაც ყოფილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები საპარლამენტო უმრავლესობას შეუერთდნენ, რეალურად დღეს ეს ადგილი ეკუთვნის "თავისუფალ დემოკრატებს". ჩვენ აუცილებლად აქტიურად ჩავერთვებით ნდობის ჯგუფში", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროში 5 მაღალჩინოსნის დაკავებასა და შესყიდვების საქმეზე ნდობის ჯგუფი ამ დრომდეც უნდა შეკრებილიყო.

ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, მაშინ, როცა ნდობის ჯგუფში გივი თარგამაძეა, "თავისუფალი დემოკრატებისთვის" უარის თქმის მიზეზს ვერ ხედავს.

"გივი თარგამაძის ნდობის ჯგუფში ყოფნის პირობებში "თავისუფალი დემოკრატებისთვის" უარის თქმის ახსნა-განმარტება საინტერესო იქნება", - განაცხადა პეტრიაშვილმა.