"ნაციონალური მოძრაობა" სოციალური რეკლამის განთავსების შესახებ კანონს გაასაჩივრებს

"ნაციონალური მოძრაობა" სამაუწყებლო კომპანიებში სოციალური რეკლამის განთავსების შესახებ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ სერგო რატიანის განცხადებაშია საუბარი.

რატიანი მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაციები ლახავს კერძო მაუწყებლების როგორც ფინანსურ, ისე სარედაქციო დამოუკიდებლობას და ქმნის მედიაზე ზეწოლის რეალურ ბერკეტებს.

"ინტერპრესნიუსი" სერგო რატიანის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"გუშინ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სამაუწყებლო კომპანიებში სოციალური რეკლამის განთავსების შესახებ კანონს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 28 ოქტომბერს ვეტოს დადების მოთხოვნით მივმართეთ მას. აღსანიშნავია, რომ იმავე მოთხოვნით პრეზიდენტს არასამთავრობოებმა და სამაუწყებლო კომპანიების წარმომადგენლებმაც მიმართეს. კანონის პროექტი ახლებურად არეგულირებს სამაუწყებლო კომპანიებში სოციალური რეკლამის განთავსების პირობებს. ახალი რეგულაციები ლახავს კერძო მაუწყებლების როგორც ფინანსურ, ისე სარედაქციო დამოუკიდებლობას და ქმნის მედიაზე ზეწოლის რეალურ ბერკეტებს, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს და ევროპის კავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ვერ გააცნობიერა, თუ რა საფრთხეს უქმნის ეს კანონი მედიის თავისუფლებას და არ ისურვა თავისი უფლების გამოყენება მედიის დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენი მხრივ, ამ კანონს გავასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ კანონით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია", - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის სერგო რატიანის განცხადებაში.