მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ერთი ე.წ. გასაღები ღიად უნდა ჰქონდეს შსს-ს, მეორე კი საზოგადოებას

მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ერთი ე.წ. გასაღები ღიად უნდა ჰქონდეს შსს-ს, მეორე კი საზოგადოებას

ექსპერტი საქართველოში ფარული მოსმენების წვდომაზე  ერთგასაღებიანი სისტემის დაშვება შეუძლებელად მიაჩნია და ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით ორგასაღებიანი სისტემის შემოღებას მიესალმება.

მისი თქმით, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით შსს ამ საკითხზე პასუხისმგებელი ოფიციალურად უნდა იყოს

"აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პასუხისმგებლობის საკითხს. ამიტომაც ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა ოფიციალუარდ უნდა იყოს ამაზე პასუხისმგებელი. ერთი გასაღები უნდა ჩაბარდეს უშიშროებას და ოფიციალურად პასუხი მას უნდა მოეთხოვოს. ერთი გასაღები ღიად უნდა ჰქონდეს შსს-ს. რაც შეეხება მეორე გასაღებს, ვის ექნება მეორე გასაღები, ეს საზოგადოებრივი კონსესუსის თემა უნდა გახდეს. მე წინააღმდეგი არ ვარ პერსონალური სისტემების ინსპექტორის არსებობის, ვთვლი, რომ გარკვეული ხიბლი და ინტერესი ამ ორგანიზაციას აქვს“, - აცხადებს არეშიძე.

მისივე განცხადებით, კერძო ოპერატორების ხელში არსებობს იმის საფრთხე, რომ შეიქმნას ხელოვნურად ასეთი ოპერატორი და ეს ყველაფერი კვლავ უსაფრთხოების სისტემებმა გააკონტროლონ.

ამასთან, ექსპერტის აზრით, საქართველოში ერთგასაღებიანი სისტემის დაშვება შეუძლებელია.

"ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ერთი ორგანიზაციის ხელში იყოს გასაღები. დემოკრატიულ ქვეყნებში არის ერთგასაღებიანი პრინციპი, მაგრამ საქართველოში მისი დაშვება არ შეიძლება. ორი გასაღები აუცილებელია, ან შეიძლება მეტიც. გასაღები აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხოების სამსახურების ხელში. რა გზაც არ უნდა აირჩიოს სახელმწიფომ და საზოგადოებამ, ის მაინც აღმოჩნდება უსაფრთხოების ხელში. ჩვენ არ გვაქვს იმის გარანტია, რომ პროვაიდერის ხელში არ იქნება ფსევდოპროვაიდერი, რომელიც უშიშროების ხელში იქნება. თუ კანონის ძალით მიეცემა ამის უფლება შსს-ს და მას ექნება ერთი გასაღები, პასუხისმგებლობაც იქნება მასზე. ამიტომაც ერთი გასაღები ღიად უნდა ჰქონდეს შსს-ს, მეორე კი საზოგადოებას", - განაცხადა არეშიძე.