ჩვენს მიერ მომზადებული ორგასაღებიანი მოდელი შსს-სთვის მიუღებელი არ არის

ჩვენს მიერ მომზადებული ორგასაღებიანი მოდელი შსს-სთვის მიუღებელი არ არის

ჩვენს მიერ მომზადებული მოსმენების ორგასაღებიანი მოდელი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელი არ არის , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

ფოფხაძის თქმით, მათ მიერ შემუშავებული პროექტი კომპრომისული ვარიანტია, რომლის არგაზიარების შემთხვევაში, პარლამენტმა შესაძლოა ვერანაირი კანონპროექტი ვერ მიიღოს.

"პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელი არ არის. ის, რაც მათთვის იყო მისაღები, ამაზე ადრე ისაუბრეს. რაც ახლა მომზადდა, არის კომპრომისული ვარიანტი, პროცესში ჩართული მხარეები კარგად უნდა ხვდებოდნენ, რომ კომპრომისების, პოზიციების დათმობის გარეშე ჩვენ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდით. კომპრომისულია ის ვარიანტი, რაც დღეს ჩვენი მხრიდან უნდა იყოს ინიცირებული. თუმცა, რა თქმა უნდა, მსჯელობა გაგრძელდება და მოგვიწევს ჩვენი კოლეგების იმაში დარწმუნება, რომ ეს ოპტიმალური ვარიანტია, რომლის მიღებაც შესაძლებელია. სხვა შემთხვევაში, შეიძლება კანონპროექტი უბრალოდ ვერ მივიღოთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გედევან ფოფხაძემ.

ფარულ მოსმენებზე წვდომის გასაღებთან დაკავშირებით, ინიცირებისთვის მზადდება რამდენიმე პროექტი. გედევან ფოფხაძის, ეკა ბესელიას და ირაკლი სესიაშვილის პროექტით, ფარულ მოსმენებზე ამოქმედდება ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა – აქედან ერთი გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება, მეორე კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. არსებული ინფორმაციით, ცალკე პროექტს ამზადებს დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე. ხმალაძის საკანონმდებლო ვარიანტის გათვალისწინებით, ფარული მოსმენების გასაღები კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელში იქნება. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, აღნიშნული პროექტით ჯერ გადაწყვეტილი არ არის მეორე გასაღების საკითხი.

ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციათა საკანონმდებლო წინადადება. მათ მიერ პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, ერთი გასაღები ექნება სასამართლოს, მეორე ელექტრონულ პროვაიდერ კომპანიებს.