"თავისუფალმა დემოკრატებმა" შესაძლოა, ნდობის ჯგუფში ადგილი მოითხოვონ

ფრაქცია "უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების" თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილს პარლამენტის ნდობის ჯგუფის დატოვება მოუწევს. როგორც ცნობილია, ნდობის ჯგუფის შემადგენლობაში ხუთი წევრია, საიდანაც ერთი თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა, დანარჩენები კი - უმრავლესობის, უმცირესობის, მაჟორიტარი დეპუტატების, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ მყოფი პარლამენტის წევრების წარმომადგენლები.

ნდობის ჯგუფში კახა ოქრიაშვილი უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების სახელით იმყოფებოდა, თუმცა იმის გამო, რომ მისი ფრაქცია მმართველ გუნდს შეუერთდა, მას ნდობის ჯგუფის დატოვება მოუწევს.

ნდობის ჯგუფში გამოთავისუფლებულ კვოტაზე პრეტენზია შეუძლია ამ დროისთვის არსებულმა 13-მა დამოუკიდებელმა დეპუტატმა განაცხადოს, რომელთა შორისაც "თავისუფალი დემოკრატებიც" არიან.

"ვინაიდან კახა ოქრიაშვილი აღარ ითვლება უმრავლესობის და უმცირესობის გარეთ მყოფი ფრაქციის წარმომადგენლად, ბუნებრივია, ამ ადგილზე იმ დეპუტატებს შეუძლიათ ნდობის ჯგუფში თავიანთი წარმომადგენლის წარმოდგენა, რომლებიც პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებად ითვლებიან.ასეთი სულ 13 დეპუტატია", - განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა.