შსს-ს არ აქვს პრობლემა, ფარული მოსმენებისას კონტროლის მექანიზმს დათანხმდეს

შსს-ს არ აქვს პრობლემა, ფარული მოსმენებისას კონტროლის მექანიზმს დათანხმდეს

რამდენადაც ვიცი, ჩვენს მოდელს ყველაზე მეტი მხარდამჭერი ეყოლება როგორც პარლამენტში, ისე მთავრობის მხრიდან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

საუბარია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ ე.წ. ორგასაღებიან მოდელზე, რომლის მიხედვითაც, ერთი გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება, მეორე კი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. სესიაშვილთან ერთად, პროექტის ავტორები არიან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე.

როგორც სესიაშვილმა "ინტეპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, პროექტის მომზადებისას ტექნიკურ ნაწილთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდათ შსს-ს შესაბამისს სამსახურში, ასევე ექსპერტებთან და გაეცნენ სათანადო მასალებსაც.

სესიაშვილის თქმით, "მთავრობა ორგასაღებიანი სისტემის წინააღმდეგი იყო, მაგრამ შსს-ს არ აქვს პრობლემა, კონტროლის მექანიზმს დასთანხმდეს".

"რაღაც მოდელზე უნდა შევთანხმდნენ. არსებობს ორი მიზანი. ერთია ის, რომ უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. მაგალითად, რამდენიმე ხნის წინ ახალგაზრდა ბიჭი რომ გაიტაცეს, სასამართლომ მოსმენაზე ნებართვა არ გასცა და მერე, ცოტა უფრო მოგვიანებით, სასამრთლო დარწმუნდა, რომ ნებართვა უნდა გაეცა და ეს ადამიანი სწორედ ფარული მოსმენის გამოყენებით გადარჩა. ვსვამ ლოგიკურ კითხვას – ვინ არის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი? თუ პოლიციას არ ვენდობით, მაშინ რატომ ვაძლევთ მას იარაღს?! საგამოძიებო-ოპერატიული საქმიანობა ვინ უნდა განახორციელოს?! – შინაგან საქმეთა სამინიტრომ. მაშინ ვთქვათ, რომ ამ შინაგან საქმეთა სამინისტროსა ვენდობით, გავაუქმოთ ის და ქვეყანაში წესრიგის დაცვა სახალხო დამცველს დავაკისროთ. ჩვენ ვამბობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერასდროს ვერ გამოიყენებს მოსმენის გასაღებს, თუკი მას სასამართლოს სათანადო გადაწყვეტილება არ ექნება და თუ პარალელურ რეჟიმში "გასაღებს"მონაცემთა დაცვის ინპექტორიარ გამოიყენებს", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

არსებული ინფორმაციით, უმრავლესობაში მუშავდება კიდევ ერთი პროექტი, რომლის მიხედვით, ფარული მოსმენების "გასაღები" კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელში გადადის."ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სწორედ ასეთ წინადადებას შესთავაზებს კანონმდებლებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე. კომუნიკაციების კომისიაში იქნება დაცული ელექტრონული კომუნიკაციების ე.წ. მაიდენტიფიცირებელი მონაცემებიც.ამავე პროექტით ჯერ გადაწყვეტილი არ არის და ღიად რჩება საკითხი მეორე "გასაღებთან" დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, მოსმენებთან დაკავშირებული ე.წ. გასაღების საკითხზე პარლამენტში წარდგენილია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება. არასამთავრობოთა შეთავაზება ასევე ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, ერთი გასაღები აქვს სასამართლოს, მეორე - ელექტრონულ კომპანიებს.

ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის ინფორმაციით, ე.წ. მოსმენების გასაღების თემასთან დაკავშირებით კანონპროექტის მეოთხე ვარიანტიც არსებობს, რომელიც ასევე არასამთავრობოთა შეჯერებული პროექტია.

მოსმენების გასაღების თემასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი პარლამენტში დღეს იკრიბება.

სავარაუდოდ, სწორედ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, მოახერხებენ თუ არა მხარეები პოზიციების შეჯერებას, ერთიან პროექტზე შეთანხმებას და რა ტიპის კანონპროექტი წარედგინება პარლამენტს.