პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ წლის ბოლოს დაგეგმილმა რატიფიცირებამ შესაძლოა, პროცესები სხვა წევრ ქვეყნებშიც დააჩქაროს.
"წლის ბოლოს დაგეგმილია ევროპარლამენტში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რადგან ეს სხვა წევრ ქვეყნებს ახალ იმპულსს მისცემს, რათა მათაც დროულად მოახდინონ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება. აქ არავითარი ჩამორჩენა არ არის, ეს მუშა პროცესია და ყველა ქვეყანას თავისი დღის წესრიგი აქვს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტი წლის ბოლოს მოახდენს ჩვენი ხელშეკრულების რატიფიცირებას და მასთან ერთად რეზოლუციის მიღებას" - განაცხადა ღარიბაშვილმა.
"ჩვენ გაკეთებული საქმით დავამტკიცეთ, რომ ვიზა ლიბერალიზაციის პირველი ფაზა დროულად, ეფექტიანად და წარმატებით დავასრულეთ. ახლა გადავედით მეორე ფაზაზე. მეორე ფაზის შესრულებას გარკვეული პერიოდი სჭირდება, სჯობს დაველოდოთ. ჩვენ ჩვენი საქმით უნდა დავამტკიცოთ, რა შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ. ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რაიმე პროგნოზის გაკეთება, თუ როდის გახდება შესაძლებელი უვიზო რეჟიმი" - აღნიშნა პრემიერმა.