ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, რაც უფრო გაიწელება ადვოკატებისთვის თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების საქმეზე მასალების მიწოდება, მით უფრო მეტ საერთაშორისო პარტნიორს მიეწოდება ინფორმაცია. ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურმა მდივანმა "პალიტრა TV-ს გადაცემა რეზიუმეში ისაუბრა.
პეტრიაშვილის თქმით, ეს არ არის ულტიმატუმი, თუმცა "თავისუფალი დემოკრატები" ყველა საერთაშორისო დონის შეხვედრას გამოიყენებენ სიმართლის დასადგენად.
"ირაკლი ალასანია ამ კვირას მიემგზავრება ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ჰალიფაქსში, კანადაში და ექნება გამოსვლა. ალასანიას შეხვედრები ექნება ასევე ვაშინგტონსა და ნიუ იორკში, სადაც შეხვდება მეგობრებს ფორმალურ თუ არაფორმალურ ვითარებაში. ყველა იმ ადამიანს, ვინც განსაზღვრავს დღეს ვაშინგტონის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში, იქნებიან ესენი ექსპერტები, ოფიციალური პირები, საკანონმდებლო ორგანოს თუ ადმინისტრაციის წარმომადგენლები. შესაბამისად ვიმეორებ, ეს არ არის ულტიმატუმი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არც ერთი ასეთი ტიპის შესაძლებლობას ხელიდან არ გავუშვებთ. ჩვენ არც ერთხელ არ გვისარგებლია იმით, რომ ევროპარლამენტის, ევროკავშირის მიმართულებით ჩვენი გზავნილები მივეწოდებინა, მითუმეტეს, რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ ერთადერთი რაც გვინდა, ამ საქმის გამჭვირვალე და სუფთა გამოძიებაა. ყველაზე მეტად ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები" ვართ დაინტერესებული და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი პროკურატურის, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენებას. რაც უფრო გაჭიანურდება ადვოკატებისთვის საქმის მასალების მიწოდება, მით უფრო მაღლა აიწევა და მით უფრო მეტ საერთაშორისო პარტნიორს მიეწოდება ინფორმაცია იმ მოქმედებების შესახებ, რომელსაც ახორციელებს პროკურატურა", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.