ირაკლი ღარიბაშვილი: „ჩვენ  მნიშვნელოვანი ევროპული ქვეყნები ჩამოვიტოვეთ“

ირაკლი ღარიბაშვილი: „ჩვენ მნიშვნელოვანი ევროპული ქვეყნები ჩამოვიტოვეთ“

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბოლო პერიოდში საქართველოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კვლევებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს რეალურად იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც  მთავრობა ბოლო 2 წლის განმავლობაში ახორციელებს.

 "ბოლო დღეებში მოვისმინეთ, რომ ჩვენი მთავრობის ეფექტიანობის შეფასება მოხდა, ძალიან სერიოზული, სოლიდური რეიტინგები გამოქვეყნდა. მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებელმა მართლაც ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია ბოლო 10 წელიწადში. მინდა მოსახლეობას განვუმარტო, რომ ეს რეალურად იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც ჩვენი მთავრობა ბოლო 2 წლის განმავლობაში ახორციელებს. თუნდაც კორუფციის რისკების მიხედვით საქართველოს მე-11 ადგილზეა. ჩვენ  მნიშვნელოვანი ევროპული ქვეყნები ჩამოვიტოვეთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს მთავრობა აბსოლუტურად გამჭვირვალე, ღია და ევროპულია.

„ჩვენ გავაკეთებთ კიდევ უფრო მეტს იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობა და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, ამიტომ ახლა მთავარია, რომ ქვეყანაში - ჩვენთან სახლში იყოს ერთსულოვნება, სტაბილურობა. ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. აუცილებელია, რომ ოპოზიცია კიდევ უფრო მეტად კონსტრუქციული გახდეს. ეს იყო ერთ-ერთი განხილვის საკითხი, ვინაიდან მათი სურვილიცაა, რომ ოპოზიცია ნორმალურ ჩარჩოებში მოექცეს და უფრო კონსტრუქციული გახდეს და მთავრობასთან ითანამშრომლოს. ამის იმედი მაქვს და ჩვენ ამისთვის მოტივირებულები ვართ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.