როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა, მას ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდა. პრემიერის თქმით, ევროკავშირი საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებს აღიარებს.
"მთლიანად ევროკავშირი აღიარებს, რომ საქართველოს პრაქტიკულად ყველა სფეროში, ძალიან მოკლე პერიოდში ბევრი შთამბეჭდავი მიღწევა აქვს. აქ აბსოლუტურად განსხვავებული რეალობაა, რაც საქართველოში არ ჩანს და ჩვენი ევროპელი პარტნიორები აფასებენ იმ მიღწევებს, რაც ჩვენ ამ ორ წელიწადში გვაქვს. რა თქმა უნდა, პრობლემები რჩება - ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა. ჩვენ ამაზეც გვქონდა საუბარი. ისინი აღფრთოვანებულები არიან ასევე, რომ ამ რთულ პერიოდში, კრიზისის პირობებში 6% ეკონომიკური ზრდა გვაქვს" - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შესახებ საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე უელსში მიღებული პაკეტის იმპლემენტაციაზე ისაუბრეს და მის განხორციელებაზე სრული სურათი თებერვალში იქნება მზად.
"ძალიან წარმატებული შეხვედრა მქონდა ნატო-ს ახალ გენერალურ მდივანთან. ვისაუბრეთ ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ, ასევე ნატო-ს პაკეტის იმპლემენტაციაზე, განხორციელებაზე. დავსახეთ გეგმები. ჩვენ თებერვლისთვის უნდა გვქონდეს უფრო ნათელი სურათი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პაკეტის განხორციელება. რაც მთავარია, განწყობა ძალიან დადებითი და პოზიტიურია. მათი შეხედულებები ძალიან პოზიტიური და ოპტიმიზმით აღსავსეა. ნატო-ს გენერალურ მდივანს გავაცანი ახალი თავდაცვის მინისტრი, მასაც ჰქონდა საუბარი მათთან და მიმაჩნია, რომ ჩვენი და ნატო-ს ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება" - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკომისარი იოჰანსონ ჰანი საქართველოში მოიწვია, ფედერიკა მოგერინი კი საქართველოში მომავალ წელს ჩამოვა.