კიდევ ერთი პროექტის მიხედვით, ფარული მოსმენების

კიდევ ერთი პროექტის მიხედვით, ფარული მოსმენების "გასაღები" კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელში გადადის

საპარლამენტო უმრავლესობაში მუშავდება კიდევ ერთი პროექტი, რომლის მიხედვითაც, ფარული მოსმენების "გასაღები" კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელში გადადის. 
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სწორედ ასეთ წინადადებას შესთავაზებს კანონმდებლებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე. კომუნიკაციების კომისიაში იქნება დაცული ელექტრონული კომუნიკაციების ე.წ. მაიდენტიფიცირებელი მონაცემებიც.

ამავე პროექტით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის და ღიად რჩება საკითხი მეორე "გასაღებთან" დაკავშირებით. 

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ე.წ. გასაღების საკითხზე ცალკე პროექტი მოამზადეს ეკა ბესელიამ, ირაკლი სესიაშვილმა და გედევან ფოფხაძემ. მათი კანონპროექტის მიხედვით, შემოდის ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა, რომლიდანაც ერთი გასაღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, მეორე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილის და გედევან ფოფხაძის ავტორობით მომზადებულ კანონპროექტს მხარს უჭერს მთავრობა და მათ საკანონმდებლო ინიციატივაში დევს სწორედ ის მიდგომა, რაც საკითხისადმი მთავრობას აქვს. 

როგორც ცნობილია, მოსმენებთან დაკავშირებული ე.წ. გასაღების საკითხზე პარლამენტში წარდგენილია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება. არასამთავრობოთა შეთავაზება ასევე ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, ერთი გასაღები აქვს სასამართლოს, მეორე - ელექტრონულ კომპანიებს.
ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის ინფორმაციით, ე.წ. მოსმენების გასაღების თემასთან დაკავშირებით კანონპროექტის მეოთხე ვარიანტიც არსებობს, რომელიც ასევე არასამთავრობოთა შეჯერებული პროექტია. 

მოსმენების გასაღების თემასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი პარლამენტში დღეს იკრიბება.

სავარაუდოდ, სწორედ ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, მოახერხებენ თუ არა მხარეები პოზიციების შეჯერებას, ერთიან პროექტზე შეთანხმებას და რა ტიპის კანონპროექტი წარედგინება პარლამენტს.