ალექსი პეტრიაშვილი - უშიშროების სამსახურები არ უნდა იქცნენ იმ მექანიზმად, რომელსაც ვებრძოდით ამდენი წლის განმავლობაში

ალექსი პეტრიაშვილი - უშიშროების სამსახურები არ უნდა იქცნენ იმ მექანიზმად, რომელსაც ვებრძოდით ამდენი წლის განმავლობაში

"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ "თავისუფალი დემოკრატების" წევრების დაშანტაჟების და გადაბირების მცდელობას აქვს ადგილი. 
როგორც ალექსი პეტრიაშვილმა "პალიტრა TV"- ის გადაცემა "რეზიუმეში"განაცხადა, პარტია აპირებს,  გაძლიერებას და უახლოეს მომავალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრას. 

"ჩვენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ძალიან სერიოზული გუნდი გვყავს და ვაპირებთ მუშაობას. იმ ტიპის სიგნალები მოდის, რაც ადრე მოდიოდა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს, ჩვენი აქტვისტების, ჩვენი პარტიის წევრების, მუქარის, დაშანტაჟების, გადაბირების. ეს შეიძლება იყოს ადგილზე ინიციატივები, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა მიაქციოს ამას ყურადღება. უშიშროების სამსახურები და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურები ნამდვილად არ უნდა იქცნენ იმ მექანიზმად, რომელსაც ვებრძოდით მთელი ამდენი წლის განმავლობაში", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა. 

მისივე თქმით, რეგიონებში არის პარტიის წევრების გადაბირების მცდელობები. 

"ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება, მაშინ როდესაც პრემიერ-მინისტრი დემოკრატიის, კონსოლიდაციის თაობაზე უმაღლესი ტრიბუნიდან განცხადებას აკეთებს. მან ასევე უნდა იზრუნოს იმაზე, რაზეც საუბრობს ქალბატონი ფედერიკა მოგერინი, პოლიტიკური დიალოგის შექმნა", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა. 

მისივე თქმით, "თავისუფალი დემოკრატების" გაძლიერება ხელს შეუწყობს დემოკრატიის, კონსოლიდაციას და დემოკრატიული პროცესების სწორად წარმართვას.