სარიტუალო მოსახურების კომპანია „თბილბიურო“ პირველად საქართველოში მომხმარებელს, განვადებით დაკრძალვას სთავაზობს.
როგორც „კომერსანტს“ კომპანიის დირექტორმა, კოკა სართანიამ განუცხადა, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ისეთი შემთხვევის შემდეგ მიიღეს, როდესაც ადამიანი მოულოდნელად გარდაიცვალა, ოჯახს კი მისი დაკრძალვისთვის აუცილებელი სახსრები არ გააჩნდა.
„ეს მომსახურება ერთი თვის წინ დავიწყეთ. განვადების რამდენიმე შემთხვევა უკვე იყო. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ამის შესახებ ჯერ არ იცის, რომ გაიგეგენ, მათი რაოდენობა უკვე გაიზრდება. ნამდვილად საჭირო შეთავაზებაა“, - განაცხადა სართანიამ.
მისი განცხადებით, 0%-იანი განვადება კომპანიის პარტნიორ ბანკთან კეთდება, კომპანია კი ბანკს თითოეულ დამტკიცებულ განვადებაზე, ღირებულების 4 %-ს უხდის. რაც შეეხება დაკრძალვის ღირებულებას, სართანია განმარტავს, რომ ეს რამდენიმე სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. სრული მომსახურების საშუალო ფასი კი 4000 ლარია. აღნსანიშნავია, რომ ამ ღირებულებაში ქელეხის ხარჯებიც შედის.
აღნიშნული მომსახურება მხოლოდ „თბილბიუროს“ აქვს. დამკრძალავი ბიურო „ჰადესი“ კი მომხმარებელს სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს. მისი ფასები კი 10 ლარიდან 3500 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება შპს „ჰერმესს,“ ის დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საქალაქო სასაფლაოს მართავს და მისი მომსახურების ფასები 20-დან 900 ლარამდე მერყეობს.
როგორც „კომერსანტს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ნებისმიერ პირს შეუძლია ჩამოაყალიბოს და დაარეგისტრიროს საწარმო, რომლის საქმიანობის მიმართულებაც დაკრძალვასთან დაკავშირებული სხვადასხვა მომსახურების გაწევა და ამ პროფილით ჭირისუფლებისთვის სხვადასხვა სერვისის შეთავაზება.
მათივე ინფორმაციით, დამკრძალავი ბიუროს გასახსნელად დამატებითი რეგულაციები არ არსებობს და მას მხოლოდ საწარმოს რეგისტრაციისა და ფუნქციონირებისთვის მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი და საგადასახადო კოდექსი არეგულირებს.
თბილისში, ამ დროისათვის 31 საქალაქო სასაფლაოა, რომლებსაც დედაქალაქის ტერიტორიაზე (720 მლნ კვ. მ.), ჯამში 663.28 ჰექტარი (6 632 845.22 კვ.მ.) უჭირავს. თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ თბილისში 20-მდე კერძო სასაფლაო და პანთეონიც არსებობს, თუმცა ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, ისინი არ ფლობენ.
როგორც „კომერსანტს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, სასაფლაოს მოწყობის შესახებ მოთხოვნა თბილისის მერიაში თბილისის მთავრობის სახელზე შედის, შემდეგ ამ საკითხს მთავრობა განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. სასაფლაოს მოწყობისა და მოვლაპატრონობის წესი კი დედაქალაქის საკრებულოს დადგენილებითაა განსაზღვრული.