ემზარ კვიციანის ოჯახს უფლება აქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს

ემზარ კვიციანის ოჯახს უფლება აქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, ემზარ კვიციანის ოჯახს უფლება აქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.

ამის შესახებ კონსტანტინე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კითხვის პასუხად, რომ ემზარ კვიციანის განაჩენთან დაკავშირებით ოჯახს პრეტენზიები აქვთ.

"მათი უფლებაა ჰქონდეთ პრეტენზია და ასევე მათი უფლებაა, რომ თუკი უკმაყოფილოები არიან გააგრძელონ განხილვა სასამართლოში იმ კუთხით, რომ გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ თუ ისევ უკამყოფილეობი იქნებიან, გაასაჩივრონ უზენაეს სასამართლოში", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, სამივე ინსტანცია განიხილავს ძალიან ეფექტურად და ყურადღებით ნებისმიერ საქმეს და მათ შორის ამ საქმესაც.

ზუგდიდის სასამართლომ, გუშინ ემზარ კვიციანს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

კვიციანის ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

"სამწუხარო ერთი რამ არის, ემზარ კვიციანს სააკაშვილის ხელისუფლებამ შეუკერა საქმე, რომელშიც არც კვალიფიკაციით, არც გამოძიებით, კვიციანის ბრალეულობა არ დასტურდება. დღევანდელმა ხელისუფლებამ ის ასე გაიმეტა", - განაცხადა კვიციანის ადვოკატმა რევაზ კახნიაურმა.

ემზარ კვიციანი სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით 2006 წლიდან იძებნებოდა. მას პატიმრობა დაუსწრებლად წინა ხელისუფლების დროს მიესაჯა. მიმდინარე წლის 28 თებერვალს კი, მას შემდეგ, რაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, სამართალდამცველებმა აეროპორტში დააკავეს.