ევროკავშირი საქართველოში პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესების აუცილებლობაზე მიუთითებს

ევროკავშირი საქართველოში პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესების აუცილებლობაზე მიუთითებს

ევროკავშირი საქართველოში პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესების აუცილებლობაზე მიუთითებს, რათა თავიდან იქნას აცილებული პოლიტიკური ანგარიშსწორება.

საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე, ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ნაწილის შესრულებასა და სამართლებრივი პროცესების გამჭვირვალედ წარმართვის მნიშვნელობაზე საუბარია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ პრესრელიზში.

"ევროკავშირი და საქართველო აღიარებენ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და მის ევროპულ არჩევანს. ასოციაციის საბჭო ხაზს უსვამს, რომ საქართველო ერთ-ერთი ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ევროკავშირი და საქართველო შეთანხმდნენ, რომ გააგრძელონ თანამშრომლობა სქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების კუთხით", - ნათქვამია განცხადებაში.

მასში ასევე ხაზგასმულია საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების აუცილებლობა, რომლის საბაზისო დოკუმენტი ასოცირების ხელშეკრულება იქნება. ასოციაციის საბჭო მიესალმა საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის წარმატებით დასრულებას და მეორე ფაზაზე გადასვლას, ასევე ევროკავშირის მნიშვნელოვან დახმარებას საქართველოსთვის, რაც 2014-2017 წლებში მაქსიმუმ 410 მილიონი ევროთი განისაზღვრება.

"ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაცია. ევროკავშირი ხაზს უსვამს პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესების აუცილებლობას, რათა თავიდან იქნას აცილებული პოლიტიკური ანგარიშსწორება და პოლარიზაცია, ამავე დროს, უზრუნველყოფილი იყოს სივრცე ოპოზიციისთვის და მრავალპარტიული დიალოგი პოლიტიკური პლურალიზმის ინტერესების დაცვის მიზნით. ევროკავშირი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის გამოძიებები უნდა იყოს დასაბუთებული, გამჭვირვალე და პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფალი და მკაცრად იყოს დაცული სამართლებრივი პროცედურები", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ასოცირების საბჭო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმებების გამო, რომელთა გაფორმებასაც რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან გეგმავს.