მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის ვადა ორ დღეში იწურება

მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის ვადა ორ დღეში იწურება

20 ნოემბერი ბოლო ვადაა, როცა პარლამენტში ელექტრონულ კომუნიკაციებზე წვდომის "გასაღებთან" დაკავშირებით შესაბამისი კანონპროექტი უნდა დარეგისტრირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტის ინიციატივით ვეტოდადებული პროექტის ნაცვლად დამტკიცებული კანონის მოთხოვნა, რომელიც აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების ვადად 1 დეკემბერს აწესებს, დაირღვევა.

ამ თემაზე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ აღნიშნა, რომ 20 დეკემბრისათვის პარლამენტს სულ მცირე ერთი კანონპროექტი მაინც წარედგინება, თუმცა ხმალაძე არ აკონკრეტებს, ამ დროისთვის არის თუ არა მზად პროექტის სამუშაო ვარიანტი და როგორ არის რეგულირებული ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებიდან პერსონალური მონაცემების მოპოვებასთან დაკავშირებული საკითხები.

პარლამენტისთვის რამდენიმე პროექტის წარდგენას ელოდება დეპუტატი შალვა შავგულიძე.

"არსებობს მონახაზი. ამ თემაზე ცალკე იმუშავე მთავრობამ. შეიძლება, შემოვიდეს რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი. როგორც ვამბობდი, ასეთ მოკლე დროში სრულყოფილი და სრულფასოვანი პროექტის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდებოდა. ასეთმა დაჩქარებამ საქმე ძალიან დააზიანა. 20 ნოემბრისთვის ერთი ან რამდენიმე პროექტის რეგისტრაცია მოხდება, სხვა გზა არ არის", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" შალვა შავგულიძემ.

ამასთან, დაახლოებით ორი კვირის წინ, ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებიდან პერსონალური მონაცემების მოპოვებასთან დაკავშირებით პარლამენტს არასამთავრობო ორგანიზაციების და ექსპერტების საკანონმდებლო წინადადება წარედგინა, თუმცა მასზე კომიტეტებში არ უმსჯელიათ - ამ დროისთვის უცნობია, მოხდება თუ არა ეკა გიგაურის, ლაშა ტუღუშის, ზვიად ქორიძის, კახა კოჟორიძის და ლიკა საჯაიას საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტის სახით ინიცირება.

მათი პროექტი ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისიწნებს, რომლის თანახმადაც, სამართალდამცავ ორგანოებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ კომუნიკაციის მიღება, თუ ინფორმაციაზე დაშვებას ტექნიკურად ერთდროულად ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია და სასამართლო განახორციელებენ.