ჩვენ მივესალმებით საქართველოს ერთგულებას იმ კურსისადმი, რომ გააგრძელოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს განაგრძობს.
"მე მივესალმები ამ ერთგულებას, ამ პოზიციას და ეს ძალზე მნიშვნელოვანია და ცალსახა მიდგომაა. ეს შესაბამისობაშია იმ გადაწყვეტილებასთან, რომელიც ჩვენ მივიღეთ 2008 წელს ნატო-ს სამიტზე. მე მაშინ ვიყავი პრემიერ-მინისტრის რანგში, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდებოდა ნატო-ს წევრი. ამდენად, ჩვენ მივესალმებით საქართველოს ერთგულებას ამ კურსისადმი, რომ გააგრძელოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ მუშაობა იმ პაკეტზე, რომელზეც შევთანხმდით უელსში. ეს გახლავთ პაკეტი, რომელიც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. ეს გახლავთ ერთობლივი წვრთნები, ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის შექმნა. ამას ვაკეთებთ, რადგან საქართველოს სუვერენიტეტს პატივს ვცემთ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩამოყალიბდეს საწვრთნელი ცენტრი და ის ჩამოყალიბდება", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.