პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისთვის შეთავაზებული ხელშეკრულებები NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან განიხილა. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თავად საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა.
"ჩვენ განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების ღონისძიებები, განსაკუთრებით, რუსეთის ფედერაციის ბოლო წინადადება, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასთან, აფხაზეთთან, ხელი მოაწეროს ე.წ. ხელშეკრულებას ალიანსისა და ინტეგრაციის შესახებ. ამ კუთხით, მინდა გამოვხატო ჩვენი შეშფოთება და წუხილი იმის გამო, რომ მიუხედავად რუსეთისადმი ჩვენი კონსტრუქციული მიდგომისა, რუსეთის მხარე ოკუპირებულ რეგიონებში აგრძელებს დესტრუქციულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, რითაც მიზნად ისახავს აფხაზეთის რეგიონის და, შესაძლოა, ცხინვალის რეგიონის, დე-ფაქტო ანექსიას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მხარდაჭერის გამო ალიანსის გენერალურ მდივანს მადლობაც გადაუხადა.
"მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს დიდ მადლიერებას ალიანსის მდგრადი და მუდმივი მხარდაჭერის გამო, საქართველოს, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი დარჩება ალიანსის საგანგებო საკითხთა შორის", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.