ჩვენ გავაგრძელებთ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე სვლას

ჩვენ გავაგრძელებთ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე სვლას

ჩვენ გავაგრძელებთ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე სვლას და პროგრესის მისაღწევად აქტიურად გამოვიყენებთ წევრობის ინსრტუმენტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, NATO-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველო მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაშიც.

"ჩემთვის დიდი პატივი იყო გენერალურ მდივანთან საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესის, NATO-ს უელსის სამიტის შემდგომი გზის და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხების განხილვა. NATO-ს უელსის სამიტის გადაწყვეტილებები წარმოადგენენ წინ გადადგმულ ნაბიჯს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ გზაზე სვლას და პროგრესის მისაღწევად აქტიურად გამოვიყენებთ წევრობის ინსრტუმენტებს. ჩვენ მზად ვართ, დროულად და ეფექტურად განვახორციელოთ "NATO-საქართველოს მნიშვნელოვანი პაკეტი", რომელიც უელსის სამიტზე იქნა მიღებული, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მოსამზადებლად. როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი და მომავალი წევრი, საქართველო მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. მე გენერალურ მდივანთან გამოვხატე საქართველოს მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს ISAF-ის ოპერაციაში და ავღანეთის მხარდამჭერ მისიაში, მიუხედავად მძიმე და ძალიან მტკივნეული მსხვერპლისა, რომელიც ჩვენ გავიღეთ ISAF-ის დროს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სჯერა, რომ ალიანსი ერთგული დარჩება ღია კარის პოლიტიკისადმი და კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესში.

"ნება მომეცით აღვნიშნო ისიც, რომ საქართველოს სწრაფვა ევროატლანტიკური ალიანსისკენ წარმოადგენს ქართველი ხალხის არჩევანს. ჩვენი მხრიდან, ძალისხმევას არ დავიშურებთ ამ მიზნის მისაღწევად. გვჯერა, რომ ალიანსი ერთგული დარჩება თავისი ღია კარის პოლიტიკისადმი და კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.