პარლამენტი "საქართველოს თავდაცვის შესახებ" კანონპროექტის და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას იწყებს.
საუბარია თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის ერთ-ერთი ძირითადი სიახლე თავდაცვის სფეროში უფლებამოსილებების ახლებურად ჩამოყალიბება და რეგულირებაა. საკანონმდებლო ინიციატივაზე ხვალ, პირველი მოსმენით, ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, შემდეგ კი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში იმსჯელებენ.
საკითხი პარლამენტს განსახილველად ჯერ კიდევ აპრილში წარედგინა, თუმცა განხილვა დღემდე არ დაწყებულა. მიზეზი არის ის, რომ "საქართველოს თავდაცვის შესახებ" კანონპროექტს ვერ მიიღებდნენ მანამ, ვიდრე ცვლილებები "ეროვნული უშიშროების საბჭოს" შესახებ ორგანულ კანონში არ განხორციელდებოდა და პრეზიდენტს და უშიშროების საბჭოსის უფლებამოსილებები არ ჩამოშორდებოდა, რაც მთავრობასა და უსაფრთხოების საბჭოს გადაეცა.
"საქართველოს თავდაცვის შესახებ" კანონპროექტის მე-8 მუხლის მიხედვით, თავდაცვის სფეროში სტრატეგიულ დოკუმენტებს მთავრობა შეიმუშავებს. აქამდე, თავად "ეროვნული უშუშროების საბჭოს" შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, ეროვნული უსაფრთოების კონცეფციასა და საფრთხეების შეფასების დოკუმენტს ეროვნული უშიშროების საბჭო შეიმუშავებდა.
კიდევ ერთი საკითხი, რაც პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტშია ასახული არის ის, რომ შეიარაღებული ძალების შემადგენლობისა და დაქვემდებარების წესის განსაზღვრა, კანონის ნაცვლად, თავდაცვის მინისტრის წარდგინებით, მთავრობის დადგენილებით მოხდება.
გარდა ამისა, კანონპროექტის მე-17 მუხლის თანახმად, საგანგებო, საომარ და კრიზისულ შემთხვევებში ეროვნული თავდაცვის დაგეგმვის უწყებათაშორისი კოორდინაცია პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელში გადადის.
"საქართველოს თავდაცვის შესახებ" კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი მისი ინიცირების მომენტიდან გახდა. როგორც მაშინ ითქვა, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის როლი, არასწორად არის ინტერპრეტირებული და კონსტიტუციასთან წინააღმდეგობას ქმნის.