ცხადია, კომუნალურ ვაუჩერს ყველა ოჯახი ვერ მიიღებს

ცხადია, კომუნალურ ვაუჩერს ყველა ოჯახი ვერ მიიღებს

2015 წლიდან კომუნალური ვაუჩერები ყველა ოჯახს არ გადაეცემა - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დღეს არის ისეთი ოჯახები, რომელსაც სოლიდური შემოსავალი აქვს და რომელიც ვერ გრძნობს, ვაუჩერის დარიცხვას.

"ცხადია, კომუნალურ ვაუჩერს ყველა ოჯახი ვერ მიიღებს. დღეს არის ისეთი ოჯახები, რომელსაც სოლიდური შემოსავალი აქვს და რომელიც ვერ გრძნობს, ვაუჩერის დარიცხვას. ასეთი შეკითხვითაც კი იყო ზოგი მოსული, რომ ეს რა თანხა მერიცხებაო?! ანუ საჭიროება არ არის განსაზღვრული. საუბარია არასოციალურად დაუცველ ოჯახებზე, რომლებიც ზამთრის პერიოდში მაინც საჭიროებენ კომუნალურ სუბსიდიებს. სწორედ ამ მიზნით იქმნება კომისია, ვინაიდან დღეს არსებული პროგრამა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს არასოციალურად დაუცველ ოჯახებზე მიზნობრიობის და საჭიროების განსაზღვრა. ამიტომ უნდა შეიქმნას მექანიზმები, რომლებიც გარდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისა, სხვა დანარჩენ ოჯახებზე, რომელთაც ჭირდებათ სუბსიდირება, განისაზღვროს, ვინ უნდა იყვნენ ასეთები და რა თანხის გადარიცხვით უნდა მოხდეს მათი სუბსიდირება", - აღნიშნა ჩივიაშვილმა.

რაც შეეხება ოჯახების შერჩევის კრიტერიუმს, სოციალური სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ აღნიშნული სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით მოხდება.

"პირველი იქნება შემოსავლები, რომელიც აღირიცხება ფინანსთა სამინისტროში. აგრეთვე არის სხვადასხვა ბაზები, იგივე, მაგალითად, ინდმეწარმეობის ბაზები, ფისკალურად რამდენ გადასახადს იხდიან, თუ არ იხდიან. ბაზა, რომელიც აღირიცხება, იქნება საფუძველი ასეთი ოჯახების საჭიროების განსაზღვრისთვის", - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ მოხდება სხვადასხვა შემოსავლების აღრიცხვა, რომელიც აქამდე არ იყო გათვალისწინებული ამ პროგრამაში. "ვაუჩერს იღებდა, ის ვისაც სჭირდებოდა და ვისაც არ სჭირდებოდა. თანხების მიზნობრივად გადანაწილების შემთხვევაში, იმ ოჯახებზე, რომლებიც არ არიან სოციალურად დაუცველები, მაგრამ საჭიროებენ დახმარებას, შეიძლება მოხდეს უფრო მეტი სუბსიდიების გაკეთება, ვიდრე დღეს იღებენ ისინი, დღეს ამის მექანიზმი არ არსებობს", - განაცხადა სოციალური სამსახურს უფროსმა.

ჩივიაშვილის ინფორმაციით, კომისია, რომელიც გადაწყვეტს, რომელ ოჯახს უნდა მიეცეს კომუნალური ვაუჩერი, თბილისის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ 2015 წლის იანვარ-თებერვალში შეიქმნება.