ტოლერანტობის დღე ქართული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"დღეს ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა ქართული დემოკრატიისთვის, რადგან ამდენი ჯგუფი შეიკრიბა ერთ სივრცეში და აღნიშნავს ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს. ეს ჯგუფები სარგებლობენ შემთხვევით, რომ შეახსენონ საზოგადოებას და მთავრობას, რომ თვითკმაყოფილება არ იქნება მიზანშეწონილი, როდესაც საქმე ეხება ტოლერანტობას", - აღნიშნა ნორლანდმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა სახალხო დამცველზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ღონისძიებაზე მნიშვნელოვანი ანგარიშით წარსდგა. "საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი წარსდგა მნიშვნელოვანი ანგარიშით, სადაც აღნიშნული იყო ის პროგრესი და პრობლემები რომლებიც კვლავ დასაძლევია საზოგადოების მიერ ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის თვალსაზრისით. ეს გახლავთ ნიშანი საქართველოში დემოკრატიულობის სიძლიერისა", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
საქართველოს სახალხო დამცველმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებაზე მიმოიხილეს 2014 წლის განმავლობაში ტოლერანტრობის სფეროში არსებული მიღწევები და პრობლემები. შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების და რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლები ესწრებიან.