საქართველოში შერჩევით სამართალთან დაკავშირებული წუხილი ჯერ არ გამქრალა, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენლმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში, საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივი დევნის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, არ უნდა იყოს აღქმაც კი იმისა, რომ ადგილი აქვს შერჩევით სამართალს და საქმეები არის პოლიტიკურად მოტივირებული.
"მინდა, გულახდილად გითხრათ, რომ ეს წუხილი ჯერ არ გამქრალა. ბოლო მოვლენებმაც არ შეუწყო ხელი ამ წუხილის გაქრობას. ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ აღქმა, რომელზეც ვსაუბრობდით, გაქრებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გულახდილად რომ გითხრათ, ჯერ არ გამქრალა ზოგიერთი წევრი ქვეყნის დედაქალაქში. დარწმუნებული ვარ საკითხი დღეს განხილული იქნება. მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ, როგორც მეგობრები და პარტნიორები. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ იაროს წინ და დავეხმაროთ ნატოსკენ სვლის გზაზე. საქართველოს ხელისუფლება მოწადინებულია, რომ პროცესები იყოს გამჭვირვალე და ამ თემაზე ნატოსთან მჭიდრო კომუნიკაცია იყოს", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
ნატოს ახალი გენერალური მდივნის იანს სტოლტენბერგისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი შეხვედრა დღეს ბრიუსელში, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.