უცხო ქვეყნის მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირების საქართველოში ზოგად განათლების მიღებას სახელმწიფო დააფინანსებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ საქართველოში ზოგადი განათლების მიღებას სრულად სახელმწიფო დააფინანსებს.
შესაბამისი ცვლილებები "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შედის, რაც, თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება – კერძოდ, სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო კანონის ის ნორმები, რომელიც საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფოს მიერ ზოგადი განათლების დაფინანსებას გამორიცხავს.
პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 12 წლით სწავლის დაფინანსება გავრცელდება როგორც საქართველოს მოქალაქეზე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირზე, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეზე და მოქალაქეობის არმქონე პირზე.
ამასთან, უქმდება კანონის ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ზოგადი განათლების მიღების უფლება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე ხორციელდება, ხოლო იმ უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, რომელთანაც ზოგადი განათლების მიღების უფლების საკითხი საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით მოწესრიგებული არ არის, საქართველოს სახელმწიფო დაფინანსება ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე განისაზღვრება.