დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შანდორ საბოს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სასოფლო-სამეურნეო თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.
„სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფი და ეფექტიანი გავითარების თვალსაზრისით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილების გაზიარება. მოხარულები ვართ, რომ შექმნილია არაერთი საინტერესო ფორმატი, რომელთა მეშვეობითაც ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ ჩვენს უნგრელ კოლეგებთან. განსაკუთრებით გამოვყოფდი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ახლადშექმნილ სპეციალურ სამუშაო ჯგუფს, რომელიც ფოკუსირებულია სასოფლო-სამეურნეო დარგში თანამშრომლობის ეფექტიანი მექანიზმების შექმნაზე“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
„უნგრეთის მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას. ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის დღის წესრიგში აქტიურად განიხილება ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების საკითხი. მზად ვართ აქტიურად დავუჭიროთ მხარი საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით უნგრული საინვესტიციო პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა შეხვედრაზე უნგრეთის ელჩმა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრები სისტემატიურ ხასიათს შეიძენს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გავითარებასა და განმტკიცებას.