პრემიერისგან გვსურს, კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ევროატლანტიკური კურსის დადასტურება

პრემიერისგან გვსურს, კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ევროატლანტიკური კურსის დადასტურება

ჩვენ არ გვაქვს ეჭვი, მაგრამ გვსურს, პრემიერისგან კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ევროატლანტიკური კურსის დადასტურება , - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

აპატურაის თქმით, ქართული საზოგადოებისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან პირდაპირი კავშირის მქონე მინისტრების გათავისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებაში გარკვეული კითხვები გააჩინა.

"დღეს ჩვენ ველით მკაფიო დადასტურებას იმისა, რომ საქართველოს მისწრაფება არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. პირად საუბრებშიც დაგვარწმუნეს, რომ საგარეო კურსი არ შეცვლილა და არ შეიცვლება. ეს არის პირველი, რისი გაგებაც სურს ნატოს გენერალურ მდივანს და მე იმედი მაქვს, რომ პრემიერის მხრიდან და ახალი მინისტრების მხრიდან ამის დადასტურებას მოვისმენთ. ვფიქრობ, არ იქნება გასაკვირი ქართული საზოგადოებისთვის, რომ ბოლო მოვლენებმა, იმ მინისტრების ცვლილებამ, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ კავშირში იყო ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან, გააჩინა გარკვეული კითხვები წევრ სახელმწიფოებში. არ ვფიქრობ, რომ ეს კითხვები სერიოზულია, ვინაიდან ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება ქართული საზოგადოების არჩევანია. ნატოში საქართველოს ელჩმა მე მაშინვე მითხრა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ქართულ საზოგადოებას ქვეყნის ეროატლანტიკური ინტეგრაცია სურს. მე ვნახე თბილისის ქუჩებში გამოსული ხალხი, ნატო-ს დიდი დროშებით, რომლებიც ძირითადად იმის გამო შეკრიბნენ, რომ სურთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა და ასევე, მათი სურვილია, ქვეყანამ იაროს ნატოსკენ და ევროკავშირისკენ", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ და დასძინა, რომ ნატოს არ აქვს ბევრი ეჭვი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, პრემიერ ღარიბაშვილისგან კიდევ ერთხელ მოისმინოს ევროატლანტიკური კურსის ერთგულების დადასტურება.