გურიის გუბერნატორის, გიორგი ჩხაიძის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 60 000 ლარი იძულებით გადაურიცხა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გურიის გუბერნატორმა განუცხადა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" თანხა იძულებით გადაარიცხინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაკოტრებით და გისოსებს მიღმა აღმოჩენით ემუქრებოდნენ.
"სამწუხარო ფაქტია ის, რომ დღეს იმ 60 000 ლარზე მიწევს საუბარი, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" იძულებით გადამახდევინა. გეტყვით იმას, რომ მათი მმართველობის პერიოდში, ჩემი მაშინდელი კომპანიები, ისევე როგორც საქართველოში არსებული ასობით კომპანია, მუდმივ წნეხს განიცდიდა. ხსენებული 60 000 ლარი მხოლოდ ის თანხა არ არის, რომელიც მე მათ (იგულისხმება "ნაციონალური მოძრაობა") ხაზგასმით ვამბობ, იძულებით გადამახდევინეს. წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოვჩნდებოდი გაკოტრებულად, ან გისოსებს მიღმა.
მაშინდელი მმართველი პარტიის - "ნაციონალური მოძრაობის" დავალებით ფინანსური პოლიცია არაერთხელ შემოვიდა, კომპანიებში, სადაც ადრე ვიყავი აქციების მფლობელი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ასევე ერთ-ერთი კომპანიის გენერალური დირექტორი, რა თქმა უნდა, კომპანიების გაკოტრების მიზნით. ჩემი აზრით, ამით ყველაფერია ნათქვამი", - განაცხადა ჩხაიძემ.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ფინანსური დევნის საგანი ის და მისი ოჯახი არაერთხელ გახდა.
"მაშინ ყველაზე დიდი გაღიზიანება იმ ფაქტს მოყვა, როცა მე უარი განვაცხადე ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ შემოთავაზებულ რაიმე სახის სქემაში მონაწილეობაზე, რომელიც რა თქმა უნდა, ,,ქართუ ბანკის" წინააღმდეგ იყო მიმართული. უფრო მეტიც , 2005 წლიდან გავხდი "ქართუ ბანკის" კლიენტი და ერთ-ერთი უმსხვილესი დებიტორი. ბანკმა ,,ქართუმ" ყველაზე უკეთ იცის, რომ მე გამვჭვირვალე ბიზნესი მქონდა. "ნაციონალებმა" კი, ეს არ მაპატიეს და ფინანსური პოლიციის დევნის საგანი, მე და ჩემი ოჯახი არაერთხელ გაგვხადეს", - აღნიშნა გურიის გუბერნატორმა.
სააგენტო "გურია ნიუსმა" დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გურიის გუბერნატორმა, გიორი ჩხაიძემ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ "ნაციონალურ მოძრაობას" 60 000 ლარი გადაურიცხა.