თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ საკითხზე ნდობის ჯგუფის მოწვევაში პოლიტიკურ მოტივაციას ვხედავთ

თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ საკითხზე ნდობის ჯგუფის მოწვევაში პოლიტიკურ მოტივაციას ვხედავთ

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ აბაშიძე თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ საკითხზე ნდობის ჯგუფის მოწვევის გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ მოტივაციას ხედავს.

"თავდაცვის სამინისტროს მიმართ პროკურატურის დადგენილებაში და ამ საქმეში საპარლამენტო მექანიზმების ჩართვაში ნდობის ჯგუფის სახით, ჩვენ მხოლოდ პოლიტიკურ მოტივაციას ვხედავთ. ეს არ არის კარგი ხელისუფლებისათვის, თუ რაიმე დარღვევები არსებობდა თავდაცვის სამინისტროში, თავის დროზე შეიძლებოდა ამის განხილვა. მაგრამ დღეს როცა აშკარაა ღარიბაშვილის გუნდის მხრიდან ირაკლი ალასანიას და მისი გუნდის მაქსიმალური დისკრედიტაციის უსუსური მცდელობა, ეს კიდევ უფრო მეტად ასუსტებს ხელისუფლებას", - განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით დაწყებული საქმეები, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს, ისევე გაქრება, როგორც შარშანდელი თოვლი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტის ნდობის ჯგუფს თავდაცვის სამინისტროს ფინანსური საქმიანობის შესახებ მასალები გადაუგზავნა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მასალები თავდაცვის უწყების მიერ 2011, 2012 და 2013 წლებში განხორციელებულ შესყიდვებს შეეხება.

პარლამენტის ნდობის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მის ხელთ არსებული მასალების გადაგზავნის თხოვნით გასულ კვირაში მიმართა.

ლაშა თორდიას განმარტებით, კითხვები არსებობს, როგორც ბაჩო ახალაიასა და დიმიტრი შაშკინის, ისე ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით, თუმცა ისინი ე.წ. კაბელების და სამხედროების კვების საქმეებს არ უკავშირდება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის ივლისიდან ამოწმებს.