პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეკრების თარიღი დღეს გახდება ცნობილი

პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეკრების თარიღი დღეს გახდება ცნობილი

პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეკრების თარიღი და სხდომის დღის წესრიგი დღეს გახდება ცნობილი. ნდობის ჯგუფის ფორმატში განხილვის საგანი აღმასრულებელი უწყებების საიდუმლო საბიუჯეტო პროგრამებთან დაკავშირებული საკითხები იქნება. ნდობის ჯგუფის წევრები მათ შორის თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ საბიუჯეტო პროგრამებზეც მიიღებენ ინფორმაციას.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, შეთანხმება მიმდინარეობს უწყებებთან, რის შემდეგაც, დღეს გახდება ცნობილი, თუ როდის და რა დღის წესრიგით შეიკრიბება ნდობის ჯგუფი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტის ნდობის ჯგუფს თავდაცვის სამინისტროს ფინანსური საქმიანობის შესახებ მასალები უკვე გადაუგზავნა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, მასალები თავდაცვის უწყების მიერ 2011, 2012 და 2013 წლებში განხორციელებულ შესყიდვებს შეეხება.

პარლამენტის ნდობის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მის ხელთ არსებული მასალების გადაგზავნის თხოვნით გასულ კვირაში მიმართა.

ლაშა თორდიას განმარტებით, კითხვები არსებობს, როგორც ბაჩო ახალაიასა და დიმიტრი შაშკინის, ისე ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით, თუმცა ისინი ე.წ. კაბელების და სამხედროების კვების საქმეებს არ უკავშირდება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის ივლისიდან ამოწმებს.