ემზარ კვიციანის ოჯახის წევრები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

ემზარ კვიციანის ოჯახის წევრები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

კვიციანის ოჯახის წევრები პარლამენტის წინ აქციას მართავენ, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას არასამართლიანს უწოდებენ.

კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებულის ოჯახის წევრები საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვენ, რომელიც ემზარ კვიციანის საქმის გამოძიებას დაიწყებს.

ამასთან, როგორც ემზარ კვიციანის და ნორა კვიციანი აცხადებს, ოჯახის წევრებს კითხვები აქვთ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ეკა ბესელიასთან, თუ რატომ ამოიღეს ემზარ კვიციანი ამნისტირებული ადამიანების სიიდან.

ასევე, კვიციანის ოჯახის წევრებს კითხვები აქვთ იმ 32 დეპუტატთან, რომლებიც ემზარ კვიცინს თავდებში ჩაუდგნენ.

„32 დეპუტატი დაუდგა თავდებში ემზარს, რას უზამენ ამ ადამიანებს? მაშინ თვითონ დატოვონ მათ პარლამენტი პროტესტის ნიშნად, მაშინ სასამართლომ მათაც გამოუტანოს განაჩენი. ემზარი პოლიტპატიმრის სიაშიც იყო ჩაწერილი, მაგრამ ყველაფერს ხაზი გადაუსვეს“,-აცხადებს ნორა კვიციანი

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ კოდორის ყოფილი რწმუნებული დამნაშავედ სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხის მოწყობასა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების შექმნაში სცნო და თავისუფლების 12 წლით აღკვეთა მიუსაჯა.