ლევან იზორიას ინფორმაცია არ აქვს, რა დარღვევებზე საუბრობს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი

ლევან იზორიას ინფორმაცია არ აქვს, რა დარღვევებზე საუბრობს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლევან იზორიას ინფორმაცია არ აქვს,  შინაგან საქმეთა სამინისტროს რა დარღვევებზე საუბრობს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი.

კითხვაზე,  რამდენი ხანია, რაც აუდიტის სამსახური მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შიდა აუდიტი უწყებაში ნახევარი წელია მუშაობს, ხოლო აუდიტის სამსახური ყოველ წელს მუშაობს.

კითხვაზე, კონკრეტულად რა დარღვევებზე საუბრობდა გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებით, იზორიამ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს.

გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროს გარდა სხვა უწყებებშიც მუშაობს.

როგორც თორდია გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს, უფრო მეტი პრობლემები იკვეთება იმ სამინისტროებში, სადაც საბიუჯეტო სახსრები დიდია.

"უფრო მეტი პრობლემები იკვეთება იმ სამინისტროებში, სადაც საბიუჯეტო სახსრები დიდია. ეს არის ჯანდაცვის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და შს სამინისტრო. ზოგადად, ამ უწყებებში შემოწმების მასშტაბიც ძალიან დიდია, ვინაიდან მეტია შესყიდვები და ფინანსური ტრანზაქციები. ეს უწყებები ბუნებრივად მაღალი რისკის მატარებლები არიან და ცხადია, ჩვენთვისაც პრიორიტეტს წარმოადგენენ", - აცხადებს ლაშა თორდია.