სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტის ნდობის ჯგუფს თავდაცვის სამინისტროს ფინანსური საქმიანობის შესახებ მასალები უკვე გადაუგზავნა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, მასალები თავდაცვის უწყების მიერ 2011, 2012 და 2013 წლებში განხორციელებულ შესყიდვებს შეეხება.
როგორც ცნობილია, პარლამენტის ნდობის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მის ხელთ არსებული მასალების გადაგზავნის თხოვნით გასულ კვირაში მიმართა.
გენერალური აუდიტორის განცხადებით, შემოწმების შედეგად ამოღებული დოკუმენტაცია რიგ შესყიდვასთან დაკავშირებით დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ლაშა თორდიას განმარტებით, კითხვები არსებობს, როგორც ბაჩო ახალაიასა და დიმიტრი შაშკინის, ისე ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით, თუმცა ისინი ე.წ. კაბელების და სამხედროების კვების საქმეებს არ უკავშირდება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის ივლისიდან ამოწმებს.