ემზარ კვიციანს თავისუფლების 12 წლით აღკვეთა მიესაჯა

ემზარ კვიციანს თავისუფლების 12 წლით აღკვეთა მიესაჯა

მოსამართლე შოთა ბიჭიამ კოდორის ყოფილი რწმუნებული დამნაშავედ სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხის მოწყობასა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების შექმნაში ცნო.

ბრალდებული სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა. განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდნენ არც პროკურორები.

კვიციანის ადვოკატის რევაზ კახნიაურის განცხადებით, მოსამართლემ მიიღო ზუსტად ის განაჩენი, რასაც პროკურატურა ითხოვდა.

„შოთა ბიჭიას დღევანდელი გადაწყვეტილება არის სამარცხვინო. მან დღეს „გააპრავა“ სააკაშვილის ხელისუფლება. ის ადამიანები, ვინც კოდორი დაკარგეს, დღეს თავისუფლები არიან. ის კი, ვინც სახელმწიფოს 15 წელი ეს ხეობა შეუნარჩუნა, დღეს გაასამართლეს“, - განაცხადა რევაზ კახნიაურმა.

მისივე განმარტებით, უახლოეს დღეებში სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

სასამართლო პროცესზე ჟურნალისტებს გადაღების საშუალება არ მისცეს. კონკრეტულად კი, საზოგადოებრივი მაუწყებლობის გადამღებ ჯგუფს გადაღების უფლების მოთხოვნა 14 ნოემბერს ჰქონდა შეტანილი, თუმცა მოსამართლეს არ განუმარტავს, თუ რატომ არ მისცა მედიას სასამართლო პროცესის გადაღების უფლება.

შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანი 2006 წლიდან მიმალვაში იმყოფებოდა. ის საქართველოში მიმდინარე წლის თებერვალში ჩამოვიდა და ის სამართალდამცველებმა აეროპორტშივე დააკავეს.