ზურაბ აბაშიძე მიხეილ მაჭავარიანს - რას ფიქრობთ ბატონ სააკაშვილის მიერ პრეზიდენტ პუტინის თვალებით დანახულ სამყაროზე

ზურაბ აბაშიძე მიხეილ მაჭავარიანს - რას ფიქრობთ ბატონ სააკაშვილის მიერ პრეზიდენტ პუტინის თვალებით დანახულ სამყაროზე

რუსეთთან ურთიერობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ მიხეილ მაჭავარიანთან შეკითხვა აქვს. 

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, ბატონმა მიხეილ მაჭავარიანმა საკმაოდ საინტერესო, თუმცა მისთვის ცოტა უჩვეულო დებატებში გამოიწვია. მისი განმარტებით, ამ დებატებმა კინკლაობის ხასიათი რომ არ მიიღოს, მიხეილ მაჭავარიანს მხოლოდ ერთ კითხვას დაუსვამს. 

"2004 წლის 12 აპრილს ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა რუსულ გაზეთ "იზვესტიას": "პუტინს პატიოსანი კაცის თვალები აქვს - სწორად რომ ასეა. მე მას ვენდე და არ შევცდი. ამიტომ, მე ახლა რუსეთში უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქალაქში. პუტინი უფრო პრაგმატული, უფრო თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანია, ვიდრე დასავლეთის ბევრი ლიდერი", - ციტირებს ზურაბ აბაშიძე მიხეილ სააკაშვილის კომენტარს.

მისივე განმარტებით, "ამ განცხადების გაკეთებამდე აფხაზეთში უკვე განხორციელებული იყო ქართველების ეთნიკური წმენდა, რასაც უამრავი ლტოლვილი და მსხვერპლი მოჰყვა".

"ჩემი კითხვაც ბატონ მაჭავარიანის მიმართ ეს არის: კარასინის თვალებისა არ იყოს, თქვენ რას ფიქრობთ ბატონ სააკაშვილის მიერ პრეზიდენტ პუტინის თვალებით დანახულ სამყაროზე? სამწუხაროდ, კიდევ ბევრი რამ მახსოვს, მაგრამ წარსულში ქექვას მომავალზე ფიქრი სჯობს, მგონია", - აღნიშნავს ზურაბ აბაშიძე.

მიხეილ მაჭავარიანმა გუშინ განაცხადა, რომ  ბატონი ზურაბ აბაშიძე მხოლოდ კარასინის თვალებით და გადმოსახედიდან უყურებს საქართველოს ისტორიას, რაც ძალიან სამწუხაროა.  "ინტერპრესნიუსთან" საუბარში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი  რუსეთთან ურთიერობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მიერ 15 ნოემბრის აქციის შეფასებას გამოეხმაურა. ზურაბ აბაშიძის შეფასებით, 15 ნოემბრის აქციამ აჩვენა,  რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვთ.