კახა ბენდუქიძის ცხედარს ექსპერტიზა დღეს ჩაუტარდება, რის შემდეგაც მას სამშობლოში გადმოასვენებენ. ამასთან, ლონდონიდან თბილისში გადმოსვენების და დაკრძალვის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. კახა ბენდუქიძის ოჯახის ახლობლის ცნობით, თუკი ორშაბათს ექსპერტიზის შემდეგ მისი ლონდონიდან თბილისში გადმოსვენება მოესწრება, ეს ამავე დღეს მოხდება და სავარაუდოდ მას ხუთშაბათს დაკრძალავენ.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, კახა ბენდუქიძემ რამდენიმე კვირის წინ, შვეიცარიაში გულზე ჯერ სტენტირება გაიკეთა, თუმცა მას შემდეგ, რაც მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, 6 ნოემბერს შუნტირებაც ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, მას ექიმებისგან კატეგორიულად ჰქონდა აკრძალული გადაადგილება, თუმცა ამის მიუხედავად კახა ბენდუქიძე შვეიცარიიდან დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. კახა ბენდუქიძე ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში 13 ნოემბერს გარდაიცვალა.