რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთში კონტროლის გამკაცრება მოითხოვა

რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთში კონტროლის გამკაცრება მოითხოვა

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის მეთაურმა რაულ ხაჯიმბამ დეფაქტო პრემიერ ბესლან ბუთბაზე თავდასხმის გამო დღეს ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია და დამნაშავეთა დასჯა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ზომების გაძლიერება მოითხოვა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

აფხაზეთის ე.წ. ვიცეპრეზიდენტის ვიტალი გაბნიას განცხადებით, სოხუმში დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები გახშირდა. მისივე თქმით 14 ნოემბერს, სოხუმში თავს დაესხნენ საგზაო საპატრულო სამსახურის თანამშრომლებსაც, რის შედეგადაც, ერთ-ერთი მათგანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

გაბნიას შეფასებით, ეს არ არის ერთეული შემთხვევები, რის გამოც, მისი ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე მთელი რიგი ზომების გატარების გადაწყვეტილება მიიღეს. მისი განცხადებით, მთელ რიგ სტრუქტურებში დაიწყება თანამშრომელთა შემოწმებებიც, მათ შორის ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე, მუდმივ ხასიათს მიიღებს რეიდები ავტოტრასებზე.