ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი ზურაბ აბაშიძე მხოლოდ კარასინის თვალებით და გადმოსახედიდან უყურებს საქართველოს ისტორიას, - ასე გამოეხმაურა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი რუსეთთან ურთიერობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მიერ 15 ნოემბრის აქციის შეფასებას.
მაჭავარიანის თქმით, თუ ზურაბ აბაშიძემ ვერ გაიგო რა მოხდა 2008 წელს საქართველოში, დააკვირდეს უკრაინაში დღეს მიმდინარე მოვლენებს. როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, რაც ხდება უკრაინაში, როგორც მიიტაცეს ყირიმი, რა ვითარებაა დონეცკში და ლუგანსკში, სწორედ ასეთი აგრესია განხორციელდა საქართველოს წინააღმდეგ.
"შეიძლება ბატონი აბაშიძე დღეს კრემლის გადმოსახედიდან უყურებს რაც ხდება. 2008 წლის აგრესია იყო რუსული აგრესია, პუტინის მიერ დაგეგმილი და კარასინის, მისი მეგობრის მიერ აღსრულებული და "გაპრავებული". იგივე ხდება დღეს უკრაინაში. ამიტომ, როდესაც საუბარია 15 ნოემბერზე, მე მიმაჩნია, რომ ზურაბ აბაშიძე და მისნაირები აჯობებდა მოსულიყვნენ აქციაზე და მსოფლიოსთვის დაენახვებინათ, რომ საქართველო არ შეეგუება ოკუპაციას. კარალიოკზე და ნიახურზე საუბარი კარგია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო არ დათმობს თავის ნაწილს, თავის სულს და გულს - არც სამხერთ ოსეთს და არც აფხაზეთს", -განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, კარასინთან შეხვედრისთვის ზურაბ აბაშიძის განცხადება 15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით, კარგი წინაპირობაა. "როდესაც კარასინი წაიკითხავს ასეთ გამონათქვამს, უფრო თბილად დაელაპარაკება "აეროფლოტის" თუ სხვა რუსული კომპანიების შემოსვლაზე საქართველოში", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ის ურჩევს აბაშიძეს, სანამ ასეთ კომენტარს გააკეთებს, კარგად გაერკვეს საკითხებში. "მონანიებაზე და უცხო ქვეყნის მსახურებაზე მერე იფიქრონ და მერე ილაპარაკონ", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
რუსეთთან ურთიერობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეფასებით, 15 ნოემბრის აქციამ აჩვენა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვთ, - ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ "ინტერპრესნიუსს" თბილისში, "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით გუშინ გამართული აქციის - "არა ანექსიას" კომენტირებისას განუცხადა.
"15 ნოემბრის მიტინგის შემდეგ ჩემი დიაგნოზი ასეთია: არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს არა აქვთ. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელთაც არც საქართველოში და არც უცხოეთში რეალური მხარდაჭერის იმედი არ უნდა გააჩნდეთ. მათ ჰქონდათ 8 წელი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემების მოსაგვარებლად, რაც კატასტროფით დასრუდა, ახლა კი ცდილობენ მძლეთამძლე გმირების მანტია მოირგონ, ყველაფერი სხვას გადააბრალონ და ისევ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ამის საშუალებას მათ არავინ მისცემს", - აღნიშნა აბაშიძემ.
მისივე თქმით, ყველას კარგად ახსოვს, თუ როგორ ეპატიჟებოდნენ ცხინვალში ახალი წლის შესახვედრად და სოხუმში ველოსიპედებით გასასეირნებლად. "რუსეთი კი ყველა ვიდეოკლიპსა თუ შოუში ულმობლად დაამარცხეს! ჩადენილი შეცდომებისა და დანაშაულების, ასევე 2008 წლის მოუნანიებელი ცოდვის გადაფარვას ეს ადამიანები ეტყობა საყოველთაო სკლეროზის იმედით ცდილობენ. ვერანაირი თვითკრიტიკა ან სინანულის განცდა მათგან ვერც ახლა ვერ ვიხილეთ.
თუმცა, მათ მიერ მოდელირებულ სამყაროს არანაირი კავშირი არ აქვს დღევანდელი მსოფლიოს რეალობასთან. ხელისუფლების მიმართ მათმა უაღრესად შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა და აგრესიამ ჩემში სიბრალულის განცდა გამოიწვია. ვწუხვარ, რომ ვხედავ ერთ დროს უდავოდ ნიჭიერი ახალგაზრდების ასეთ პოლიტიკურ დეგრადაციას. ამასთანავე, გამოვთქვამ კმაყოფილებას, რომ თავყრილობამ ექსცესებისა და პროვოკაციების გარეშე ჩაიარა, რაც გარკვეულწილად "ღარიბაშვილის ტირანიის" დამსახურებაც უნდა იყოს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.