ქართველი ხალხი სხვა რელიგიებისა და ეროვნების წარმომადგენლების მიმართ მუდამ შემწყნარებელი იყო

ქართველი ხალხი სხვა რელიგიებისა და ეროვნების წარმომადგენლების მიმართ მუდამ შემწყნარებელი იყო

ქართველი ხალხი მუდამ შემწყნარებელი იყო სხვა რელიგიების და სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მისმა უწმინდესობამ ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შემწყნარებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"დღეს არის დღე, რომელსაც ეწოდება ტოლერანტობის დღე. შემწყნარებლობა, ტოლერანტობა - ეს ახალი სიტყვაა და ხალხმა უკვე იცის რას ნიშნავს. ქართველი ხალხი მუდამ შემწყნარებელი იყო სხვა რელიგიების, სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ. თქვენ იცით, რომ 26 საუკუნეა ებრაელები ჩვენთან არიან, ასევე მუსულმანები და სხვა რელიგიის, თუ ეროვნების წარმომადგენლები. ქართველი ადამიანი მუდამ შეიწყნარებდა ამას და პატივს სცემდა მათ რელიგიას და ეროვნებას. დღეს არის საერთაშორისო დღე და ღმერთმა ინებოს მშვიდობა იყოს საქართველოში", - განაცადა ილია მეორემ.

საკვირაო წირვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რამდენიმე გვარი დალოცა და სასულიერო პირები დააჯილდოვა.

ამასთან, საქართველოს პატრიარქმა მრევლს შეახსენა, რომ მომავალ კვირას არის გიორგობა და სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის დასრულებიდან 10 წლისთავი სრულდება, რასთან დაკავშირებითაც საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.