ჩვენ უნდა დავანახოთ საქართველოს მთავრობას, რომ ერი ერთიანი და შეუვალია

ჩვენ უნდა დავანახოთ საქართველოს მთავრობას, რომ ერი ერთიანი და შეუვალია

საქართველომ რუსთაველზე დღეს ღირსების აღლუმი მოაწყო, - ასე აფასებს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით , ანექსიის წინააღმდეგ პარლამენტის შენობასთან დღეს გამართულ აქციას.

სააკაშვილის განმარტებით, დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ მაშინ, როცა რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა დუმს, ხალხმა აიმაღლა ხმა.

"ჩვენ უნდა დავანახოთ საქართველოს მთავრობას, რომ ერი ერთიანი და შეუვალია, განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდი საფრთხე გვემუქრება და, როცა საქმე ჩვენი ერის თავისუფლებას, მომავალს, დამოუკიდებლობას და მთლიანობას ეხება. დღეს ჩვენ მთელი მსოფლიო გვიყურებს, რადგან იქ, სადაც მთავრობა დუმს, ხალხმა ამოიღო ხმა. იქ, სადაც თქვენ მაგივრად უღირს ადამიანებს ალაპარაკებენ, ჩვენი ღირსება ალაპარაკდა. რუსთაველზე აკრძალეს აღლუმი, როგორც ეს უკრაინაში იანუკოვიჩმა გააკეთა. გიორგი ანწუხელიძეს რომ გაეგო, საქართველოს მთავრობამ რუსთაველზე სამხედრო ფორმით გავლა აკრძალაო, ალბათ გული გაუსკდებოდა, მაგრამ გიორგის სახელით დღეს, ჩვენ ყველამ მოვაწყვეთ თბილისში ღირსების აღლუმი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველამ დაინახოს, რომ ქართველი ერი ამაყი და შეუპოვარია.

"გიერთდებით ყველა ქართველი კიევში, ამერიკაში, ვინც გასაგები მიზეზების გამო ჩამოსვლა ვერ შევძელით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ კიდევ ერთხელ ამაყად გაიაროთ რუსთაველზე, გავიაროთ ჩვენი ქვეყნის მთავარ მოედანზე და დავანახოთ, რომ ბევრნი ვართ, ამაყნი ვართ, ბრძოლის არ გვეშინია, შეუპოვრები ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ", - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.