დავით კირვალიძესთან დაკავშირებით ბოდიშიც კი წესიერად არავინ მოიხადა

დავით კირვალიძესთან დაკავშირებით ბოდიშიც კი წესიერად არავინ მოიხადა

დავით კირვალიძესთან დაკავშირებით ბოდიშიც კი წესიერად არავინ მოიხადა, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია იმედის გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

თავდაცვის ექსმინისტრის თქმით, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრთან დაკავშირებით მას საუბარი ჰქონდა როგორც ყოფილ, ასევე მოქმედ პრემიერთანაც. "კირვალიძესთან დაკავშირებით მე მქონდა საუბარი ბიძინა ივანიშვილთანაც, ღარიბაშვილთანაც. როგორც კი მთავრობის სხდომა დამთავრდა, მივედი დათოსთან და ვუთხარი, რომ არ უნდა წასულიყო თანამდებობიდან. არ ჩავუთვალე ეს სწორ ნაბიჯად, რადგან როგორც თვითონ, მეც და ძალიან ბევრიც, დარწმუნებული ვიყავით, რომ დაკავებულები არაფერ შუაში იყვნენ და დადასტურდა კიდეც. იმჟამინდელმა პრემიერმა კი თქვა, რომ როგორც კი არ დადასტურდებოდა, კირვალიძე აღდგებოდა თანამდებობაზე, მაგრამ ეს არ განხორციელდა. ბოდიშიც კი წესიერად არავინ მოიხადა", - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, კირვალიძესთან დაკავშირებით ბოდიში პროკურატურას და იმ ადამიანებს უნდა მოეხადათ, "ვინც ეს საქმე ააგორა". ალასანია ვარაუდობს, რომ მისი მისამართითაც არსებობდა გათვლა, რომ ის კირვალიძის მსგავსად დატოვებდა თანამდებობას. ალასანია არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ივანიშვილმა ხელოვნურად შექმნა ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" ჩასანაცვლებლად.

"ამას ეს გათვლა არ ჰქონდა. გათვლა, ჩემი ვარაუდით, იყო ასეთი - ან მივიღებდი გადაწყვეტილებას და დავტოვებდი თანამდებობას, მე არ მჩვევია ბრძოლიდან გასვლა და ეს არ გამოუვიდათ. მეორე ვარაუდი იყო, რომ დათო კირვალიძის ანალოგიურ ნაბიჯს გადავდგამდი, მე არც ეს ნაბიჯი ჩავთვალე სწორად. შემეძლო ამის გაკეთება, მაგრამ ეს არ იქნებოდა სწორი, ეს იქნებოდა ბრძოლიდან გასვლა და მე როდესაც პასუხიმგებლობას ვიღებ სტრუქტურაზე, პოლიტიკურ ორგანიზაციაზე, ბოლომდე პასუხისმგებლობის ერთგული ვრჩები", - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.