ბიძინა ივანიშვილის მიმართ არანაირი ვალდებულების განცდა არ მაქვს

ბიძინა ივანიშვილის მიმართ არანაირი ვალდებულების განცდა არ მაქვს

არანაირი ვალდებულების განცდა არავის მიმართ, მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილის მიმართ არ მაქვს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

მისივე განმარტებით, 2012 წლის არჩევნებში გამარჯვება იყო საერთო საქმე, რომელშიც კოალიციის ყველა წევრმა პოლიტიკურმა ძალამ თავიანთი წვლილი შეიტანა.

"უნდა აღინიშნოს ის დიდი წვლილი, რომელიც კოალიციის წარმატებაში ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა, მაგრამ ეს იყო კოალიციური პარნტიორების დამსახურებაც. აქედან გამომდინარე, მე არანაირი ვალდებულების განცდა არავის მიმართ არ მაქვს, მათ შორის არც ივანიშვილის მიმართ. ეს იყო საერთო საქმე, რომელშიც ყველამ ჩვენ-ჩვენი წვლილი შევიტანეთ. რაც არ უნდა დიდი წვლილი გქონდეს შეტანილი ადრე ქვეყნის გარკვეულ პროცესში, რაც, სხვათა შორის, ნათლად თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის გაძლიერების გზა არის ინსტიტუტებში. ჩვენ ევროპაში ვერ შევალთ, თუ მართლაც არ გავხდით ევროპული ყაიდის დემოკრატია. ეს ერთადერთს ნიშნავს - პიროვნებებზე, ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე არ იყოს აგებული პოლიტიკური ცხოვრება. ჩვენ 2012 წელს მოგვეცა შანსი ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მაგრამ ეს არის მხოლოდ შანსი, ამ შანსს გამოყენება სჭირდება", - განაცხადა ალასანიამ.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიძინა ივანიშვილთან ბოლო შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ ყოფილი პრემიერი "თავისუფალი დემოკრატების" პარტიის თავმჯდომარედ არჩევისგან თავშეკავებას ურჩევდა.

"ერთადერთი, რაც ყველაზე უფრო მომხდვა ყურში და თვალში არის ის, რომ საუბარში ხშირად ახსენებდა, თავი შემეკავებინა პარტიის თავმჯდომარედ არჩევისგან. ეს იყო აბსოლუტურად აუხსნელი და მოულოდნელი. ამან კიდევ უფრო გამიღრმავა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეს აქვს პოლიტიკური სარჩული. დანარჩენ დეტალებზე არ ვისაუბრებ – ეს არ იყო დაძაბული საუბარი, ძალიან გულღია საუბარი შედგა", - აღნიშნა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

რაც შეეხება კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომას, რომელიც ალასანიამ მისი გუნდის წევრებთან ერთად ხმაურიანი განცხადებებით დატოვა, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის თქმით, მისთვის გაურკვეველი იყო საბჭოს სხდომაზე ივანიშვილის დასწრების სტატუსი. "ის სხდომაზე ჩემთვის გაურკვეველი სტატუსით იმყოფებოდა. ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან", - დასძინა ალასანიამ.