რეჟიმის შეცვლამ რუსეთში შეიძლება მოიტანოს რეჟიმების ცვლილება ოსეთსა და აფხაზეთში

რეჟიმის შეცვლამ რუსეთში შეიძლება მოიტანოს რეჟიმების ცვლილება ოსეთსა და აფხაზეთში

რეჟიმის შეცვლამ რუსეთში შეიძლება მოიტანოს რეჟიმების ცვლილება ოსეთსა და აფხაზეთში, - ამის შესახებ საქართველოში მყოფმა "ღია საზოგადოების ფონდების" დამფუძნებელმა ჯორჯ სოროსმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოდან" აცნობეს, ჯორჯ სოროსის ლექცია თბილისის ხუთი უნივერსიტეტის 250-მდე სტუდენტთან ცოტა ხნის წინ დასრულდა. ლექციის თემა იყო ევროპის მომავალი, მისი შედეგები მსოფლიოსთვის. "ღია საზოგადოების ფონდების" დამფუძნებელმა აქცენტი გააკეთა რუსეთის პოლიტიკაზე, უკრაინასა და საქართველოზე. ლექციის შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სტუდენტები საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ჯორჯ სოროსის მოსაზრებით დაინტერესდნენ. შეიკითხვაზე - გვაქვს თუ არა შანსი, რომ საქართველომ დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნოს? - ფინანსისტმა პასუხისას მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა წაახალისა. ჯორჯ სოროსის მოსაზრებით, მიხეილ სააკაშვილს ეგონა, რომ ამერიკა უშველიდა, მაგრამ ცხადია, ეს ასე არ მოხდა.

"თუ სამხედრო დაპირისპირებაზე ვსაუბრობთ, ცხადია საქართველოს არ აქვს რესურსი რუსეთს დაუპირისპირდეს, ანუ თუ ეს იქნება პირდაპირი გზა ტერიტორიის დაბრუნების. ასეთი შეცდომა ერთხელ იყო უკვე დაშვებული სააკაშვილის მიერ. სააკაშვილი იმ პერიოდში პრეზიდენტმა ბუშმა წაახალისა. მას ეგონა, რომ ამერიკა მოვიდოდა და უშველიდა, მაგრამ ცხადია, ეს ასე არ მოხდა. ამიტომ, აქ ვერ ვხედავ სამხედრო გადაწყვეტილებებს, თუმცა, რეჟიმის შეცვლამ რუსეთში შეიძლება მოიტანოს რეჟიმების ცვლილება ოსეთსა და აფხაზეთში", - აღნიშნა ჯორჯ სოროსმა.

ჯორჯ სოროსის ლექციაზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს. მათი ინფორმირება ლექციის შესახებ თავად უნივერსიტეტების ფაკულტეტებმა უზრულნველყვეს.

ჯორჯ სოროსი ხვალ საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება.