ბატონი ივანიშვილი იმაზე მეტად საუბრობდა საქმის დეტალებზე, ვიდრე პროკურატურა

ბატონი ივანიშვილი იმაზე მეტად საუბრობდა საქმის დეტალებზე, ვიდრე პროკურატურა

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია გაოცებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული საქმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ფლობს.

როგორც ალასანიამ "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ივანიშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება "ბრალმდებლის" საუბარს ჰგავდა.

"ჩემთვის აბსოლუტურად ნათელი გახდა ის ეჭვები, რომელიც მქონდა პოლიტიკურ შევიწროებასა და დევნასთან დაკავშირებით, როცა დავინახე, რომ მოქმედი პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი ზუსტად იმეორებდა იმ ბრალდებას და ნარატივს, რომელსაც მათ პროკურატურა სთავაზობდა - არც კი გაითვალისწინა თავდაცვის სამინისტროდან წამოსული ახსნა-განმარტება. ეს ყველაფერი დააგვირგვინა ბატონი ივანიშვილის გამოსვლამ, რომელიც იმაზე მეტად საუბრობდა საქმის დეტალებზე, ვიდრე პროკურატურა. გამაოცა, რადგან, პრაქტიკულად, ბრალმდებელი გამოვიდა ივანიშვილის სახით", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

თავდაცვის ექსმინისტრმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ერთადერთი, რაზეც შეთანხმებას მიაღწიეს, არის ის, რომ სახელმწიფო უნდა იდგეს ყველაზე მაღლა.

"რა თქმა უნდა, მე მქონდა შეხვედრა მასთან. ჩვენ ერთმანეთს პოზიციები გავუცვალეთ, მაგრამ ერთი, რაზეც შეთანხმება შედგა იყო ის, რომ სახელმწიფო უნდა დავაყენოთ ყველაფერზე მაღლა. სწორედ სახელმწიფოებრივად რომ ვუდგებით ამ საკითხს, იმიტომაც არ გვითქვამს არასდროს, რომ ეს გამოძიება უნდა შეჩერდეს – პირიქით, ჩემი ღირსების საქმეა, რომ ეს გამოძიება დასრულდეს და ყველამ დაინახოს, რომ დაკავებულები არიან სრულიად უდანაშაულონი", - აღნიშნა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

ალასანიას განმარტებით, მას და მისი გუნდის წევრებს არასდროს უთქვამთ, რომ საქართველომ დასავლეთის გზას გადაუხვია. "ჩვენ არ გვითქვამს, რომ ქვეყანამ გადაუხვია დასავლეთის და ნატოს გზიდან. ღმერთმა დაიფაროს, რომ ეს მოხდეს. დარწმუნებული ვარ, ამას ქართული საზოგადოება არ დაუშვებს. გაჩნდა ეჭვები და საფრთხე და ვთქვით, რომ განვიხილოთ საბჭოს სხდომაზე, თუ რას ემსახურება პროკურატურის ნაბიჯები და საითკენ მიჰყავს მას ქვეყანა. ამის საპასუხოდ მივიღეთ ის, რომ მე გამათავისუფლეს თანამდებობიდან, ამას მოჰყვა ბრალდებების კასკადი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, "თავისუფალი დემოკრატები" 2012 წელს ხელისუფლებაში არ მოსულან იმიტომ, რომ გაგრძელდეს ისეთი სახელმწიფო უწყების პოლიტიკური ნიშნით გამოყენება, როგორიც არის პროკურატურა.

"რა თქმა უნდა, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, წინასწარ არავინ უნდა თქვას რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ როცა დღემდე არ არის გასაჯაროებული მასალები და როცა ადვოკატებს დღემდე არ მისცემიათ საქმეზე წვდომის საშუალება, როგორ შეიძლება ამ პირობებში თანაბარი დაცვა განხორციელდეს და სამართლიანი გამოძიება წარიმართოს?!", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.