სანამ საპარლამენტო ძალა გავა ქუჩაში, ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ მათ ამოწურეს ყველა საპარლამენტო ბერკეტი

სანამ საპარლამენტო ძალა გავა ქუჩაში, ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ მათ ამოწურეს ყველა საპარლამენტო ბერკეტი

"ნაციონალურ მოძრაობა" თუ იკრიბება იმისთვის, რომ ეს მთავრობა აკრიტიკოს, მე ამ კრიტიკის რეალურ საფუძველს ვერ ვხედავ, - ამის ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალინდელ აქციაში ტრაგიკულს ვერაფერს ხედავს. "თუ "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა, რომ აფხაზეთის თემა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქის სატკივარია, ამის თაობაზე შეიკრიბონ და ხაზი გაუსვან კიდევ ერთხელ, მე ამაში პრობლემას ვერაფერს ვხედავ. მაგრამ, დღევანდელი ჩემი მოწოდების პათოსი იყო ამის საპირისპირო. ამ შემთხვევაში, შეკრება, რომლის მიზანიც არის მთავრობის წინააღმდეგ გაკეთდეს აქცენტები, ეს არ მესმის. თემები, როგორიც არის აფხაზეთი, ქვეყნის სუვერინიტეტი, დამოუკიდებლობა - ამ თემებზე უნდა გავერთიანდეთ. თუ "ნაციონალური მოძრაობა" იკრიბება იმისთვის, რომ გაერთიანდეს ამ თემებზე, ეს მათი უფლებაა, მაგრამ თუ იკრიბება იმისთვის, რომ ეს მთავრობა აკრიტიკოს, მე ამ კრიტიკის რეალურ საფუძველს ვერ ვხედავ. "ნაციონალური მოძრაობა" არის საპარლამენტო პოლიტიკური ძალა. საპარლამენტო პოლიტიკური ძალა სანამ გავა ქუჩაში, რაც მათი ლეგიტიმური უფლებაა, ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ მათ ამოწურეს ყველა საპარლამენტო ბერკეტი და საზოგადოებას შესთავაზეს ხელისუფლებაზე უკეთესი ფორმატი ამ საკითხის გადაწყვეტის. მე დიდი სიამოვნებით მოვისმენდი, როგორ ხედავან ისინი ხელისუფლებაზე უკეთ რუსეთთან პოლიტიკის წარმოებას ან ამ პრობლემის მოგვარებას. შესაბამისად, მე ხვალინდელ აქციაში არაფერს ტრაგიკულს არ ვხედავ, უბრალოდ სჯობს, რომ ასეთ თემებზე გავერთიანდეთ ხოლმე ყველა პოლიტიკური ძალა და სხვა თემებზე ვეკამათოთ ერთმანეთს და მოვუწყოთ აქციები", - განაცხადა მარგველაშვილმა.